Benjamin 397- სრული განხილვა, სდექ! - თორემ გადავტენი და გესვრი! |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Benjamin 397- სრული განხილვა, სდექ! - თორემ გადავტენი და გესვრი! |
Jun 10 2011, 04:19 PM
პოსტი
#1
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
ქრის ცივი ქარი და ატრიალებს ჰაერში ცივ ფანტელებს. ისინიც ბედნიერად ცეკვავენ მხოლოდ მათთვის გასაგებ ცეკვას, მაგრამ მათი ქორეოგრაფის მიერ დადგმული სცენა დანარჩენ არსებებს გასაქანს არ აძლევს. ისინიც გაბრუებულები და გათოშილები ნელა მოძრაობენ, ცდილობენ მიეჩვიონ ახალ ცივ რეალობას, მაგრამ ყველას ეს არ გამოსდის. Apocalypto ცივა... ძალიან ცივა... უკვე ერთი კვირაა უმოწყალოდ თოვს. ქრის ცივი ქარი ოთხივე მიმართულებიდან... მზე... როგორ მომენატრა მზე.... ნათელი, თბილი… ჩაეხუტები მის სხივებს და ბანაობ სინათლეში, სითბოში, გრძნობ სხეულზე მის ნაზ თბილ, სასიამოვნო შეხებას. მიაქცევ ზურგს და გრძნობ როგორ თბება და სიცოცხლით ივსება ბეჭები, ხერხემალი... ხასიათი მომენტალურად იცვლება უკეთესობისკენ როდესაც მზიანი დღე თენდება... კარგია რომ ეს ყველაფერი გონებაში ისევ არის დარჩენილი, მაგრამ მზე უკვე 30 წელია თვალით ცაზე არავის უნახავს. ნეტავ ანათებს ისევ მზე ღრუბლებს მიღმა, თუ... თუმცა ვიღას ახსოვს მზე... 30 წლის განმავლობაში წამოიზარდა ის ერთეული გადარჩენილი ადამიანები, რომელსაც წიგნიც კი არ უნახავს როგორ გამოიყურება, შეიძლება ზოგიერთმა იპოვა კიდევაც ძველი ქალაქების ნანგრევებში, მაგრამ მაქსიმუმ რაშიც გამოიყენებდა იქნებოდა ცეცხლი. რა იციან ასეთებმა მზის შესახებ? მათთვის სიცივე, თოვლი და ქარი, ჩვეული ამბავია. ცეცხლი... თბილი, ნათელი, მზეს ვერ ცვლის, მაგრამ სულს ათბობს, ადამიანის მუდმივი თანამგზავრი. ოდესღაც ადამიანი ცეცხლმა გადაარჩინა, დღესაც ადამიანს მხოლოდ ცეცხლი შველის 30 წლიანი გაუთავებელი ზამთრის მანძილზე. შეიცვალა მთელი სამყარო... მთავარია დღე გადააგორო, არ მოკვდე შიმშილით, სიცივით, გაიტანო დღე ჩუმათ სხვებისგან მოცილებით, რომ საკუთარი თავი საფრთხეში არ ჩააგდო... ცივა... დღეს ძალიან ცივა. ვერ მოვახერხე საწვავის მომარაგება და მიწევს ცეცხლის, პატარა ალის შენარჩუნება. 30 წლის განმავლობაში კაცობრიობამ თითქმის მთელი დარჩენილი გამხმარი ხეები მოჭრა და გამოიყენა, დღეს ყველა დარჩენილი პლასტიკატის და ცელოფნის ნარჩენების დაწვაზეა გადასული, მაგრამ სხვებმა არ იციან რომ არის, არის კიდევ პატარა გამხმარი ტყე შემორჩენილი. ეს ტყე მე აღმოვაჩინე 1 კვირის წინს და არავის ვუმხელ. მართალია ცოცხალი ხეები პრაქტიკულად აღარ დარჩა, მზის გარეშე ხეები ვერ ხარობენ, მაგრამ ამ პატარა სიცოცხლის კუნძულზე, რამდენიმე ათასი ხე ცოცხალია, ირგვლივ კი ათასობით და ათეულ ათასობით გამხმარი ხე არის. უბრალოდ ამ სიცივეში საწვავის მომარაგება შეუძლებელია. შეიძლება გარეთ გახვიდე და შიგნით ვეღარც შემოაღწიო. ხვალეც თუ ქარი იქნება და თოვლი, ჩემს საყვარელ ინსტრუმენტს სამუშაო ისევ არ ექნება, არადა როდესაც ჩემი ძველი ბენჯიკა არ მუშაობს, მეც და ჩემს ოთხფეხა მეგობარს საჭმელი არ გვაქვს, თუმცა ჭკვიანია ეს მამაძაღლი, ესმის რომ მისი პატრონიც შიმშილობს, ამიტომაც წყნარად არის მოცუცქებული და ფეხებზე მეხუტება. ეს ხულიგანი 5 წლის წინ ვიპოვე, როდესაც ჯერ კიდევ პატარა ლეკვი იყო, ვიღაცას დაბმული ყავდა ბოძზე პატრონი იქვე იყო გაყინული, ბობო კი მიბმული დარჩა და წკმუტუნებდა. პრიმიტიული ნადირობა შველის დღეს ადამიანს, მართალია ის ერთეული არსებები რაც შემორჩა დედამიწას და ამ ტყეს, ყველა რადიაციით არის გაჟღენთილი, მაგრამ გიწევს ამორჩევა, ან რადიოაქტიულ საჭმელს მიირთმევ, ან შიმშილით კვდები. თუმცა შიმშილი ისედაც ირგვლივ ყველგან არის, ისევე როგორც ძველი ომის შედეგად დედამიწის ზედაპირზე გაბნეული რადიოატიული ნივთიერებები, ალბათ დღეს მწვანეები რომ არსებობდნენ, გარეთ გასვლისას, ხარაკირის გაიკეთებდნენ, თუმცა რადიაცია, ჩემი ხელით შექმნილ ქოხშიც ოხრად იქნება. სხვა რა გზაა, ბოლო მორის ნაჭერს ვაჭმევ ჩემს პატარა ცეცხლუკას, იმ იმედად რომ ღამე გადაივლის, გათენდება მომდევნო რუხი დღე, და ამჯერად მაინც იქნება უქარო წყნარი ამინდი. თუ ოცნება ახდება, სასწრაფოდ იქნება შეშა მოსამარაგებელი, ასევე ნადირობა იქნება გასამართი, მოსაპოვებელია მაქსიმალური რაოდენობა საკვები, მთელი 2 არსებისთვის. წყნარი დღეები, დიდხანს არ გრძელდება ამ ბოლო დროს. დღე თენდება, მაგრამ ცეცხლს ცივი ღამის მანძილზე მთლიანად შეუჭამია ჩაბარებული მორი. ქოხში ცივა... ალბათ დიდი ხანია ცეცხლი ჩაქრა... თუმცა გონება ერთ სასიამოვნო ფაქტს აფიქსირებს... ქარი! ქარის ხმა არ ისმის! ჩადგა როგორც იქნა ჩადგა! სასწრაფოდ მისახედია საქმე. კარებს მიღმა ცივი რადიოაქტიული თოვლი დევს, თან თეთრია, თან უღიმღამო ნაცრისფერი... ჯანდაბამდე გზაც ჰქონია, როგორ ამოვიდა ყელში ეს უღიმღამო თეთრი რუხი ფერი. ლურჯი, მწვანე, ყვითელი.... რამდენი ხანი გაქრა ეს ფერები... მოკლედ შორს პესიმისტური აზრები, მისახედია საქმეები. ბობო უკვე გარეთ დარბის, ეფლობა თოვლში, კვალს ტოვებს თავისი გრძელი ყურებით.... მართალია ეს არსება! სადაა ჩემი ბენჯიკა!, დილიდან რაიმეს მოპოვება არცერთს არ გვაწყენდა. მკვდარი ტყე უკან დარჩა, ჯერ კიდევ ცოცხალი წიწვოვანი ტყე რაღაც მაგიური ძალით უძლებს ამ მუდმივ ზამთარს. ისე უკან დაბრუნებისას შეშაც წასაღები იქნება, და შეშაზე არაერთი რეისი იქნება კიდევ გასაკეთებელი, ისევე როგორც სანადიროდ. ბობო უკვე საოცარ რაღაცეებს აკეთებს, ხტუნავს და ტკეპნის თოვლს, ესე იგი იპოვა ნადავლი. დროა ჩემმა 397-ე ბენჯამინმა კიდევ გადაგვარჩინოს. ყოველ ჯერზე თოფის ხელში დაჭერისას, მახსენდება ამ 30 წლის განმავლობაში რა პატივი აქვს, ამ იარაღს ჩემთვის ნაცემი... მახსოვს ის დღე როდესაც პირველი ბირთული ზამთრის დროს, მეგობრებთან ერთ დაბომბილ ქალაქში შემთხვევით გადარჩენილი პნევმატიკის მაღაზია აღმოვაჩინეთ... კარები ჩამტვრეული იყო, მოპირდაპირე შენობას აშკარად ყუმბარა მოხვდა და მისმა ნამსხვრევებმა მაღაზიის ფასადი დააზიანა, ეს ჩვენთვის მშვენიერი შანსი აღმოჩნდა. მაღაზია გავსებული იყო საუცხოო იარაღებით, ყველამ ხელში სხვადასხვა იარაღი შეარჩია, ზოგმა ევროპული, ზოგმა ამერიკული, ზოგმაც საერთოდ ჩემთვსი უცნობი თოფი... გასაკვირია, მაგრამ ყველამ დაიწუნა ჩემი რჩეული, არადა პირველივე შეხვედრით გავიგე რომ სწორედაც ჩემთვის იყო შექმნილი. მსუბუქი, მოხდენილი, ავტონომიური, წინასწარ დაჭირხნული ჰაერის გამოყენების პრინციპით, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით არ იყო დამოკიდებული გარე მოწყობილობებზე.... სად არიან დღეს ის ევროპული და ამერიკული მონსტრები?! ამოწყდნენ დინოზავრებივით, ჩემი ლამაზმანი კი დღემდე პატივს მცემს, დატუმბავ ერთი ორჯერ, და გარანტირებული მიზანში მოხვედრა შენს ხელთაა, არც წონა გიშლის ხელს, არც დამატებითი მოწყობილობა გჭირდება... მიდი აბა და 1 კვირის, ნაშიმშილებმა დილით სანადიროთ გამოსულმა მოახერხე და 100-200 ბუქნი გააკეთე ნასოსით იმისათვის რომ სანადიროდ გაეშურო... არა ვერ შეაფასეს ბენჯიკა მეგობრებმა, ამიტომაც თვითონაც ჩაბარდნენ ისტორიას. თუმცა შორს ეს მოგონებები მთავარია დღეს საკვები მოვიძიოთ, თოვლზე აშკარად რაღაც ნადავლის კვალია... ორი-სამჯერ გადატენვა და ვიცი რომ ჩემს თოფს აქვს იმის თავი, რომ რამდენიმე ათეულ მეტრში მოინადიროს ზუსტი გასროლით რაიმე.... აგერ ხსენებაზეც, ზის ხეზე რაღაც უცნაური არსება, თითქოს და ჩიტია, მაგრამ კუდი ბუმბულის მაგივრად ბეწვით აქვს დაფარული. ბობომ იცის თავისი საქმე, დგას ჩუმად შორიახლოს და მელოდება, ვუმიზნებ ამ საოცარ არსებას, ვაჩერებ სუნთქვას ველოდები გულის ცემის დაწყნარებას და ვხედავ სამიზნეში არსებას, რომელიც ფრთებს ისწორებს.... მორჩა აღარ შეიძლება დაცდა, ვაჭერ სასხლეტს, წყნარი გასროლის ხმა. ვხედავ როგორ აბრუნებს თავს ეს არსება ჩემსკენ, მაგრამ წამის შედმეგ, მეასედში მკერდში ხვდება ჩემი ბენჯიკას მიერ გაგზავნილი სასიკვდილო ჭურვი. ვარდება... ებრძვის სიკვდილს, არ უნდა ჩამოვარდნა, მაგრამ მეც და ბობოსაც გვშია, ამიტომაც ამ არსებამ თავისი რადიაციით გაჟღენთილი სხეული ჩვენ უნდა დაგვითმოს, მის ხარჯზე მთელი დღე ორი არსება იცოცხლებს... ბობო გახარებული გარბის, ხის ძირისკენ, იჭერს არსებას, და მოყავს ჩემსკენ. კარგი ძაღლია ბობო, მიუხედავად იმისა რომ ჩემსავით მშიერია, ჩემს გარეშე ნადავლს ზედმეტად კბილს არ დააკარებს. ამიტომაც მეც ვაფასებს და ისიც მაფასებს. მორჩა! საოცარი არსება ჩემს ხელშია... რა ჰქვია ან რა არსებამ განიცადა ასეთი მუტაცია არავინ ალბათ აღარ იცის, და ისე რომც გამოგიტყდეთ დიდად არც მაინტერესებს, უკვე მეორე არსება ჩანს, ხის ტოტზე მიძვრება. სასწრაფოდ ვტენი ბენჯიკას, ერთი პამპი, თოფმა ამოისუნთქა და დაჭირხვნა ჰაერი, მეორეთ ვხსნი თოფს და ისევ ღრმად ისუნთქავს თოფი ჰაერს, მიყვარს როდესაც ასე აკეთებს, ცოცხალია და სუნთქავს. სასწრაფოდ, მიზანში მეორე არსებაც და როდესაც ტოტიდან მეორე ტოტზე გადახტომას აპირებს, მასაც ეწევა გზაში ბენჯიკას მიერ გაგზავნილი ჭურვი... რომელი სანაქებო PCP იზამდა ამას? ყველა მძიმე და მოუქნელია, მახსოვს ზუზუმბარა როგორ შეეწინა თავის გერმანელს... როგორც მე ვარ მშიერი ისის ასევე მშიერი იყო, მიუხედავად სანაქებო სიზუსტისა, თოფი მძიმე იყო, ამიტომაც ბოლო ნადირობაზე შიმშილისგან ხელის კანკალის გამო ვერაფერი მოინადირა... ვიპოვე საწყალი ბოლოს, მაგრამ გვიანი იყო, სისუსტემ ბოლო მოუღო. არა და იწუნებდა ჩემს, ბენჯიკას, რომელია ახლა მართალი! ზურგჩანთაში ხუთი არსება აგდია, დილის ნადირობამ წარმატებულად ჩაიარა, გეზი სახლისკენ გვიჭირავს მე და ბობოს, მაგრამ დღეს კიდევ ვიქნებით ტყეში დასაბრუნებლები თუ გვინდა რომ პროვიზია მოვიმარაგოთ, მანამდე კი გზად შეშა, ფიჩხი და დილის საუზმე იქნება მოსამზადებელი. წინ ბობო მირბის, უკვე ცოცხალი და მკვდარი ტყის ზღვარზე ვართ, მთავარია მკვდარ ტყეში საუზმისთვის საკმარისი ფიჩხი მოვაგროვოთ, ძირითად შეშაზე შემდგომ დავბრუნდები, მაგრამ რაღაც არ მომწონს... ცაში რაღაც უცნაური ხდება, ღრუბლებს შორის, რაღაც მკვეთრი ჩნდება და პირდაპირ ცოცხალი ტყის ცენტრში ეცემა.... ღმერთო ჩემო მზე! მზის სხივი! შეუძლებელია! 30 წელი.. 30 წელი!!! უკან, დროზე უკან, მზე, ღმერთო ჩემო მზე, დაუჯერებელია, ამდენი ხანი... თურმე რატომ არის შუაგულში ცოცხალი ტყე და ცოცხალი არსებები. ღმერთო ჩემო... მე, მე აღმოვაჩინე... დაუჯერებელია! წარმოუდგენელი ნეტარებაა იდგე ასე შუაგულ ტყეში და ტოტებს შორის გამოპარულ მზის სხივებში ბანაობდე, ღმერთო ჩემო თვალი ვერც კი უყურებს პირდაპირ, რამდენად კაშკაშად ანათებს. ვგრძნობ! ისევ ვგრძნობ ძველ დავიწყებულ სითბოს, ჟრუანტელით დამიარა მთელს ტანში. ღმერთო ჩემო მზე კიდევ არსებობს, და ისევ ანათებს, დაუჯერებელია, დაუჯერებელი!... ცეცხლი ისევ ათბობს ქოხს, მაგრამ ცეცხლის გარდა რაღაც შინაგანიც გვათბობს. დღეს ენით აუღწერელი დღე იყო, მე და ბობომ აურაცხელი ნადავლი მოვიძიეთ, მოვიმარაგეთ აურაცხელი შეშა, მაგრამ მთავარი საოცრება, მაინც მზე იყო და მისი სხივები, რომელიც მთელი დღე გვანებივრებდა. დაუჯერებელია რომ მოვაღწიეთ ამ დღემდე და რის ხარჯზე, მხოლოდ და მხოლოდ ნადირობის ხარჯზე, აწი მე და ბობომ ვიცით რომ ნადავლი ჩვენ გვეყოფა. შეშაც ბევრია ირგვლივ, ვიცით რომ მზეც არის, ცოცხალი ტყეც ნადირიც და ჩვენი მამა მარჩენალი Benjamin 397-იც. ვიცი რომ ჩვენ გადავრჩებით, იმედი გვაქვს ორივეს და ვიცით რომ ტყე და ბენჯიკა გამოგვკვებავენ, ხოლო რადგანაც მზე ამ ადგილზე დედამიწას ანათებს, ესე იგი ადრე თუ გვიან გაიხსნება ცა და მთელი დედამიწა ისევ განათდება. იმედია, დიდი იმედი გვაქვს ორივეს და ველოდებით ხვალინდელ დღეს რომ ისევ ვიგრძნოთ დავიწყებული ნეტარება. სამყაროს დასასრულამდე მაშ ასე დავბრუნდეთ საშინელი მომავლიდან დღევანდელ დღეში და განვიხილოთ დღევანდელი ჩვენი სტუმარი. როგორც მიხვდით საუბარი გვექნება პომპ მექანიზმის მქონე იარაღზე, სახელად Benjamin 397. კონკრეტულად დღეს სტუმრად გვყავს Benjamin model 397 PA. როგორც მწარმოებელი გვატყობინებს იარაღი მხოლოდ ტყვიებისთვის უნდა იყოს გამოყენებული და დაუშვებელია BB ბურთულების გამოყენება. სხვათა შორის კარგია რომ ეს თოფს აწერია, თორემ ზოგიერთმა შეიძლება იარაღი თავიდან არასერიოზულად აღიქვას და ბურთულების გამოსაყენებლად გაწიოს ხელი. ამასობაში კი იარაღს ლულა ხრახნებით აქვს აღჭურვილი, ბურთულა და ხრახნილი კი არათავსებადი ნივთებია. თვითონ იარაღის დანახვისას რაღაც DISCO-ს ვარიანტი გითამაშებს თვალწინ, ეგაა რომ 397-ე მოდელი თითქმის ბოლომდე ხის კონდახში ზის, თუმცა, კონდახი სინამდვილეში ორ ნაწილად იყოფა. მომრგვალებული ჩახმახი რომელიც მშვენივრად ჩანს, თავიდანვე გაფიქრებინებს კაცს - ჰმმმ, კიმაგრამ იგივე DISCO-ზე რატომ არ გამოიყენეს, რაღაც ამდაგვარი მოხრილი ფორმის ჩახმახი (იგივე მიმწოდებელი). ვიზუალურად ჩახმახი მიმზიდველად გამოიყურება, მიუხედავად იმისა რომ ზომაში საკმაოდ მცირეა, მაგრამ მომხმარებელს აუცილებლად მოეწონება. მოკლედ იარაღი მიმზიდველია, თავიდან რაღაც 2 და 3 აზროვანი შეგრძნებები გიჩნდება, ვიცი რომ ერთ ქართველს საკმაოდ სუსტი იარაღი ეგონა და სავალალო შედეგი მიიღო. ჩვენც რომ არ დაგვემართოს რაღაც უსიამოვნო ფაქტები, თავში მუდმივად ერთ აზრს ვარტიალებთ, იარაღთან გვაქვს საქმე, ასე რომ სიფრთხილეს თავის არ სტკივა! იარაღის შემოწმებისას საკმაოდ საინტერესო შედეგები მივიღე, რომელსაც რა თქმა უნდა გაგიზიარებთ, მაგრამ მოდით თავიდან განვიხილოთ საიდან გაჩნდა საქართველოში ეს იარაღი, შემდგომ როგორ მუშაობს, რით იკვებება, რისი გაკეთება შეუძლია და ბოლოს დადებითი და უარყოფითი მხარეები. მომავლიდან წარსულში სტუმარი გასაცნობად დროებით გადმომცა, Crosman-ის წარმაომდგენელმა, იგივე Iaragi.ge-ს მფლობელმა და ჩვენმა ფორუმელმა Gregory-მ, რისთვისაც რა თქმა უნდა მას დიდ მადლობას ვუხდი. დარწმუნებული ვარ თქვენც მადლობელი იქნებით რადგან ვეცნობით საკმაოდ საინტერესო იარაღს. მაშ ასე რას ვიღებთ და რასთან გვაქვს საქმე: 1) მოდელი - Benjamin 397 2) კლასი - Pomp 3) ტყვიის მიწოდება - ჩახმახით (მიმწოდებლით) 4) გასროლების რაოდენობა ერთჯერადი დამუხტვით - 1 გასროლა 5) კლიპი - არ აქვს, მხოლოდ თითო ტყვიის მიწოდება 6) კონდახი - ხე, ამერუკული მყარი ხე (კონკრეტულად რა ხეა მწარმოებელი არ აზუსტებს, ფაქტურით გავს კაკალს) 7) ჰაერის დაჭირხვნის მექანიზმი - წინა ბერკეტი 8) ოპტიკის სამაგრი - არ აქვს არცეთი ტიპის რელსი თუმცა სპეციალური რინგებით შეიძლება ოპტიკის დამაგრება 9) მცველი - აქვს, არაავტომატური 10) სასხლეტი - ორსაფეხურიანი, არარეგულირებადი 11) კალიბრი - 4,5 (.177 დუიმების მიხედვით) 12) ლულა - Crosman-ის წარმოება, ხრახნიანი, თითბერის 9 მილიმეტრი დიამეტრში. 13) სამიზნე - ღია სამიზნე, რეგულიდება, უკანა სამიზნე ვინტების მეშვეობით 14) წონა - 2,5 კილოგრამი 15) მთლიანი სიგრძე - 921მმ 16) ლულის სიგრძე - 492მმ 17) მწარმოებლის მიერ შეპირებული სიჩქარე 800 fps-ამდე - (სადღაც 244 მეტრ წამი) 18) ფასი - მწარმოებლის საიტზე 180$ ეს, რა თქმა უნდა მშრალი ციფრებია, რომელიც რეალურ სიტუაციას არ გვიჩვენებს. ბევრი ამ იარაღის დანახვისას, ეგრევე თვლის რომ საქმე აქვს იაფფასიან მოდელთან. ფასი იარაღს მართლად დაბალი აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ იაფფასიანი ჩინური პლასტიკატის იარაღივით მუშაობს. იარაღს ახასიათებს ავტონომიურობა, სიმარტივე, სიმსუბუქე, მოხერხებულობა და რაც მთავარია, მიზანში ზუსტად სროლა. მოკლედ მოდით ნელ-ნელა მივყვეთ ყველაფერს. გარე ხედი გარეგნულად როგორც ვთქვი თოფი წააგავს Benjamin Discovery-ს, მაგრამ ეს მოდელი უფრო შეიძლება ჩაითვალოს დისკოს ბაბუად. ამის შემდეგ გაჩნდა 2260 და მის ბაზაზე აეგო ცნობილი Discovery. შესაბამისად მოდელი დიდი ხანია გამოდის, და მსოფლიოში ამ იარაღმა თავისი სახელი უკვე დაიმკვიდრა. არის ბევრი მფლობელი რომელიც ამ იარაღს არ სცილდება, უმეტესობა მართალია პლინკაობს, მაგრამ არანაკლები აღნიშნავს რომ ნადირობისთვის მშვენიერი ეგზემპლარია. ახასიათებს ბევრი საჭირო თვისება, ერთერთი არის, ავტონომიურობა, მეორე უფრო მთავარი, არის PCP-ის პრინციპით მუშაობა. ეს ბოლო პუნქტი ავტომატურად ნიშნავს რომ საქმე გვაქვს სტაბილურ სქემასთან და რაც მთავარია გასროლისას იარაღში არ დარბის ზამბარა და ვეებერთელა დგუში, შედეგად ეს ყველაფერი სროლის სიზუსტეზე აისახება. მუშაობის პრინციპი პომპა, ანუ იარაღის წინა ნაწილი რომელიც ლულის ქვეშაა მოქცეული წარმოადგენს ბორტზე მიმაგრებულ ნასოს. ის რაც PCP იარაღში არ გაგვაჩნია (უფროსწორედ ცალკე მოწყობილობად არსებობს PCP იარაღისთვის). შესაბამისად როდესაც გასროლა გინდა, ჯერ ამოძრავებ თოფის კონდახის წინა ნაწილს, რომელიც მიმაგრებულია ინტეგრირებულ ნასოსზე, და გადატენვის დროს, ხდება კლაპანში დაჭირხნული ჰაერის პორციის შენახვა. შეგიძლიათ ერთხელ დატუმბოთ თოფი და გარკვეული მოცულობა ჰაერი იქნება გასროლის წინ შეკუმშული, შეგიძლიათ 2-3 და მეტი დატუმბვა გააკეთოთ, ამ შემთხვევაში მეტი ჰაერის აკუმულირება ხდება კლაპანში, შედეგად უფრო ძლიერი გასროლა მოხდება. როგორც ზემოთ ვახსენეთ დატუმბვისას, ჰაერი კლაპანში ინახება, შემდეგ შეგვიძლია თოფში ჩავდოთ ტყვია და ჩავკეტოთ მიმწოდებელი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, სასურველია ჯერ თოფი დატენოთ ჰაერით და შემდგომ ჩადოთ ტყვია, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჯერ ტყვიას ჩადებთ და შემდეგ დაიწყებთ დატუმბვას, შეიძლება ინტეგრირებული ნასოსით ოპერირებისას, არასწორად გათვალოთ ძალა... მოკლედ შეიძლება მოახერხოთ და დატუმბვის დროს შემთხვევით... ხელს გამოკრავთ სასხლეტს და... მესმის გაიფიქრებთ გიჟი კი არ ვარ ყველაფერს დავაკვირდებიო, მაგრამ დამიჯერეთ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. იმის შემდეგ რაც დავტენეთ ჰაერით თოფი და ლულაში ტყვია ჩავდეთ, შეგვიძლია სასურველ ობიექტს დავუმიზნოთ და სასხლეტს ხელი გამოვკრათ, ამ დროს დამრტყმელი ეჯახება კლაპანს და ანთავისუფლებს შეკუმშულ ჰაერს, რომელიც აქამდე კლაპანში ინახებოდა. ჰაერი გადადის ლულაში და აწვება ტყვიას, შედეგად ტყვია იწყებს მოძრაობას და ამის გამო გასროლაც ხდება. როგორც ხვდებით პირველი მოქმედება, ანუ ჰაერით დატუმბვა არის განსხვავებული, ხოლო ჰაერის შეკუმშვა და გასროლა პრაქტიკულად PCP პრინციპით მოქმედებს. სხვათა შორის მეტსაც ვიტყვი - რედუქტორიანი PCP-ივით მუშაობს, ანუ თქვენ თუ მუდმივად ერთ დატუმბვას აკეთებთ თოფი მუდმივად ერთი სიჩქარით ისვრის (პატარა ცდომილებები აქვს, მაგრამ ჯდებით 2-3 მეტრის დერეფანში), 2-ჯერ გადატენით ყოველი გასროლის წინ, ისევ მუდმივად ერთნაირ სიჩქარეს მიიღებთ და ასე შედმეგ, მოკლედ დატუმბვების რაოდენობის განმეორადობით კლაპანში ერთი და იგივე მოცულობის ჰაერს აგროვებთ, შედეგად გასროლიდან გასროლამდე ერთნაირი ჰაერი აწვება ტყვიას და სიჩქარეც ერთნაირია. თოფი მოდით დავიწყოთ თოფის განხილვა. გარეგნულად თოფი ძალიან მარტივადაა შესრულებული, პირველი რაც თვალში მოგხვდებათ გარეგნული დათვალიერებისას ეს არის ლულა, კროსმანი ყოველთვის ცნობილი იყო თავისი წვრილი ლულებით, მაგრამ ამჯერად ნამეტანი მოუვიდათ . სამწუხაროდ ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ ლულა 9 მილიმეტრზე მეტი დიამეტრის არ არის (შეიძება 8 მილიმეტრიცაა). ანუ კლასიკური კროსმანის 11 მილიმეტრის სისქის ლულა მოსანატრია. გარდა ამისა აღმოაჩენთ, რომ რეზერვუარ/ნასოსის ცილინდრი და ლულა ერთმანეთზე მიდუღებულია, უფრო სწორედ მიჩრილულია. ასევე მიჩრჩილულია ლულა და კოლოფი და თავის მხრივ კოლოფი ისევ რეზერვუარზე. ანუ ლულა, კოლოფი და რეზერვუარი მუდმივი სიყვარულითაა ერთმანეთთან ჩახუტებული. არანაირი ვინტი, შედეგად დაშლისას ეს სამი დეტალი ერთნამეთს არ სცილდება. ასევე ერთი საუცხოო დეტალი გაითვალისწინეთ, ლულა ფოლადის არაა, დამზადებულია ბრინჯაოსგან, გარედან მართალია შეღებილია შავი ფერით, მაგრამ შიგნით ოქროსფერი ყიდის . ისე შეღებვას პატარა ხარვეზი აქვს, ლულის კვეთაზეც არის საღებავი დასხმული, ასე რომ ფასკის გაწმენდა მემგონი ცუდი იდეა არ უნდა იყოს. გადავიდეთ სასხლეტზე. სასხლეტი 2 საფეხურიანია, ანუ მოძრაობს კაკვი, და გრძნობ რომ მოედო შეპტალოს, ამის მერე დააწვები და გასროლა გაქვს. სამწუხაროდ ქარხნულად არანაირი რეგულირება გათვალისწინებული არ არის და საკმაოდ უხეში სასხლეტია, თუმცა დისკოსთან შედარებით მსუბუქია... პირობითათ მსუბუქია. ისევე როგორც დისკოზე, 397-შიც სასხლეტზეა მცველიც. სტანდარტული მოძრაობა მარცხნივ და მარჯვნივ. საბრძოლო მდგომარეობაში ყოფნაზე გაცნობებთ წითლად შეღებული მხარე. მთავარი გასაოცარი კი ჩემთვის იყო ლითონის კორპუსი და ლითონის გამოსაკრავი კაკვი. კი მაგრამ ამ კაი ხალხს გაეკეთებინათ იგივე დისკოზე არ შეიძლებოდა? რამ მოაფიქრათ დისკოში პლასტიკატის სასხლეტი და სასხლეტის კოლოფი? დამრტყმელ კლაპანი სქემა საერთო ჯამში ნამეტანი მარტივია, არანაირი HW, AA, BW, DTR, KK და ასე შედმეგ, დამრტყმელი, ანუ მარტივი რკინის ღერძი რამდენიმე ღიობით, უკნიდან ზამბარა, საბრძოლო პოზიციაზე დაყენებისას ჩერდება სასხლეტის პირზე. გამოკვრისას გასაგებია რომ ზამბარაში აკუმულირებული ენერგია აწვება ამ ლითონის ღერძს, ის თავის მხრივ მოძრაობისას ინერციას იღებს და მთელი ძალითა და შუბლით ეჯახება კლაპანს. კლაპანი მართალია არ დამიშლია, მაგრამ უხეშად რომ ვთქვათ 2 ფუნქციას ითავსებს, ერთი თავისთავად კლაპანია, მაგრამ ასევე ეს არის ორმხრივი სარქველი, ანუ კლაპანია წინა მხრიდანაც და უკანა მხრიდანაც უკანა მხრიდან სარქველში ჰაერი შედის და უკანა საკეტი კეტავს დაჭირხნულ ჰაერს კლაპანში, თუ დგუშს კიდევ აამოძრავებს ახალი პორცია ჰაერი შეიტენება კლაპანში და უკანა ჩამკეტი ისევ ჩაკეტავს შეშვებულ ჰაერს. წინა კლაპანი კი უკვე მუშაობს როგორც ჰაერის გამომშვები, ანუ როდესაც წინა კლაპანს ეჯახება დამრტყმელი, ის იხსნება და ჰაერს ლულაში უშვებს. უხეში გრაფიკული ნახაზი, რომელზეც ჩანს ძირითადი მუშოაბის პრინციპი მწარმოებლის უხეში ნახაზი საოცარი არის ამ კლაპნის და გადამშვების რეალიზება. ერთის მხრივ ეს არის საშინელება, მაგრამ მეორეს მხრივ ყველაზე მარტივი გზა გამოიყენეს. ანუ კლაპანს არ აქვს არანაირი გადამშვები. საერთოდ მიმართულებაც კი არ აქვს ჰაერს, ამიტომაც კლაპანს ორი მხრიდან აქვს რეზინის რგოლი შემორტყმული რომ ჰაერი მხოლოდ ზემოთა მიმართულებით მოძრაობდეს როგორც უკვე გითხარით გადამშვები არანაირი არ არსებობს, პირდაპირ ხვრელი კლაპანში, რეზერვუარში და ხვრელი ლულაში. ინტერნეტში მოძიებული სურათები, ნათლად ჩანს ორიგინალი კლაპანი და მისი შიგნეულობა (გაითვალისწინეთ მოყვანილი სურათები სხვადასხვა ვერსიის თოფიდანაა გაკეთებული, ამიტომაც გარკვეული განსხვავებები ჩანს) რაც შეეხება დგუშს, ის უკვე დამზადებულია ფოლადისგან და ასევე მიმაგრებულია ფოლადის ღერძზე, ყველაფერი ეს კი ბერკეტზეა მიმაგრებული. დგუშის ბოლომდე მოძრაობა აუცილებლად გასათვალისწინებელია. ანუ თუ დაიზარეთ და ბერკეტი ბოლომდე არ გაწიეთ, დგუში არ დადგება ბოლო მდგომარეობაში და შესაბამისად ახალ პარტია ჰაერს ვერ შეისუნთქვას თოფი. ჰაერის შესასუნთქვათ რეზერვუარში სპეციალური ხვრელიც კი არის, და იქვე წარწერაცაა რომ ეს ხვრელი ჰაერისთვისაა და არა დასაზეთად . შედეგად თუ დგუში ამ ხვრელს არ გადასცდა, მაშინ მეორე მესამე დატუმბვა და საერთოდ ნებისმიერი მოძრაობა უშინაარსო გამოდის, არანაირი ჰაერი არ შეიკუმშება კლაპანში (ვაკუუმში ამოძრავებთ დგუშს). ჰაერი რომ ჩაისუნთქა თოფმა მიხვდებით დამახასიათებელი ჰაერის შესუნთქვის ხმით, თითქოსდა ტუჩები ისე დააწყვეთ რომ მილი მიიღეთ და შემდეგ ამ ვიწრო მილით ცდილობთ ჰაერის შესუნთქვას ჩქარა, რაღაცით Dart Veider-ის სუნთქვას წააგავს თოფის მიერ ჰაერის შესუნთქვა . ერთ გულის დამწყვეტი რაც არის დგუშზე ეს არის რეზინის რგოლი. აქ რომ გამოყენებული ყოფილიყო ფტოროპლასტის რგოლი პრაქტიკულად მუდმივი დგუში იქნებოდა, მაგრამ იმის გამო რომ რეზინა გამოიყენება და ეს რეზინა თავის მხრივ ლითონის ცილინდრში დასრიალებს, ადრე თუ გვიან რეზინა გამოსაცვლელი იქნება, არამგონია რეზინა ჩვენი რომანის გმირივით ბირთვული ომის პირობებში 30 წელიწადი შეუცვლელად გამოგადგედ, მაგრამ არც იმას ნიშნავს რომ 1 კვირაში იქნება გამოსაცვლელი. ჩემს ხელში თოფნა 200-300 გასროლა გააკეთა (თითო გასროლისთვის რამდენიმე გადატენვას ვაკეთებდი) და არც არაფერი არ ემჩნეოდა ცვეთის. ჩახმახი ჰოო ფორმა მიმზიდველი აქვს, სიგრძეც იმხელა აქვს, რომ ალბათ ცეცხლსასროლი შაშხანის ჰილზის ამოსაგდებად იყო გათვლილი, მაგრამ ბოლოს პნევმატიკაზე გადააკეთეს , სინამდვილეში კი ყველაფერი მიკროსკოპულია. გადატენვაში ხელს არ გიშლის და საკმარისი ფორმა აქვს, მაგრამ რეალური ცეცხლსასროლის ბოლტის შეგრძლნებას არ გიტოვებს , მეც მოვინდომე რა. ამ მიმწოდებელს ერთი ცუდი თვისება აქვს, კერძოდ კი ხახუნი. შეძენის შემდეგ მაშინათვე დასამუშავებელი, გასაპრიალებელი და დასაზეთია, ოღონდ გრაფიტის ტაოტით (ელიავაზე 200 გრამიანი ტუბი 4 ლარი ღირს, ასე რომ იყიდეთ და ჩათვალეთ რომ მუდმივი მარაგი გაქვთ), სხვა ყველაფერი ადრე თუ გვიან გაჭედავს. სხვათაშორის არ ვიცი დააკვირდით თუ არა მიმწოდებლის ფორმას, მაგრამ ამ ფორმაში საკმაოდ დიდი საიდუმლოება იმალება. თავიდან ძალიან ბევრჯერ ვსინჯე თოფის გადატენვა და შემდეგ საბრძოლო მდგომარეობიდან მოხსნა... თუ გინდა გასკდი, სანამ ჩახმახი უკან არის გაწეული სასხლეტს ვერ გაამოძრავებ, ლამის თითი მოვიმტვრიე, მაგრამ რა გინდა ქნა... საკმაოდ ბლომად მომიწია თავის მტვრევა, რატომ ვერ ხერხდება სასხლეტის გამოკვრა მაშინ როდესაც ჩახმახი ღიაა, რა იცავს, რა!!! ახსნა მოვიდა ინტერნეტში აურაცხელი სურათის დათვალიერების შედემგ, კერძოდ კი საიდუმლო სასხლეტის ზედა ნაწილშია. ინტერნეტში მოძიებული სურათი მოკელდ სასხლეტს ზემოთ აქვს ამოშვერილი მომრგვალებული თავი, რომელიც ჩახმახის უკანა ნაწილში ამოჭრილ ფორმაში მოძრაობს. როდესაც ჩახმახი გადატრიალებულია და უკან გაწეულია, მაშინ სასხლეტის ზედა ნაწილს ადგილი არ აქვს იმისათვის რომ გამოძრავდეს, მიმწოდებლის მომრგვალებული ტანი ბლოკავს. როგროც კი მიმწოდებელს წინ მიწევ და ჩასაკეტად გადაატრიალებ, მაშინვე მიმწოდებლის უკანა ამოჭრილი პროფილი სასხლეტის ზემოთ დგება და ჩნდება სივრცე სასხლეტის სამოძრაოდ. მარტივია, გენიალურია და იდიოტურია, ყველაფერი ერთადაა ასევე აქვს ამ სასხლეტს ჩაკეტვის კარგი მექანიზმი. დისკოზე მაგალითად გასროლისას ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ რომ მიმწოდებელი წნევის ზემოქმედებით დახტის. 397-ე ბენჯამინში კი ძვრასაც კი არ აკეთებს, ეს ყველაფერი უზრუნველყოფილია ლულის კოლოფის მარცხენა მხარეს არსებული პატარა დეტალით, რომელიც ჩახმახის ერთერთ ღიობში ჯდება და მყარად კეტავს მიმწოდებელს. მაგრამ მთავარი მინუსი მიმწოდებლისთვის არის გრძელი და წვრილი ცხვირი. ეს ცხვირი ტყვიას ცენტრს უცვლის, ანუ გასროლისას ხელს არ უშლის, მაგრამ ლულაში მიწოდებისას ტყვიის კაბა თავისუფლად მოძრაობს წვრილ ცხვირზე, შედეგად ტყვია წინ მოძრაობისას თავს ძირს ხრის. ეს კი ზოგიერთ ტყვიას საშუალებას აძლებს ცხვირი ჩაყოს კლაპნის (იმპროვიზირებული გადამშვებში) ხვრელში და პატარა დაზიანება მიიღოს. თუმცა გამოსავალი აქ მარტივი არსებობს, თოფის დატენვისას, ლულა ძირს უნდა დაუშვათ, გახსენით მიმწოდებელი, ტყვია ჩაუშვით თავით ძირს ლულაში, ამის შედმეგ უკვე მიმწოდებელი წინ მიწიეთ და ტყვია იდეალურად ზის ლულაში. თუმცა გაითვალისწინეთ რომ მე გავტესტე სადღაც 8 ტიპის ტყვია და მხოლოდ მსუბუქ JSB-ზე და Crosman Pointed-ზე გააკეთა ტყვიის თავის წაკვნეტა. დანარჩენი ტყვიები მშვენივრად მიცუნცულებს ამ თოფში. ოპტიკის დამაგრება ჰოო ეს ცალკე თემაა, საოცრება ისაა რომ თოფს არ მოყვება არანაირი ოპტიკის სამაგრი. თუმცა მწარმოებელს გათვლილი აქვს თოფზე ოპტიკის დამაგრება. ამისათვის საჭიროა სპეციალური სამაგრების შეძენა. სამაგრები მაგრდება ან ლულის კოლოფზე, ან თვითონ ლულაზე. ამ სამაგრებს დაბოლოება აქვს, Dovetail-ის რინგების დასამაგრებლად. შესაბამისად შემდეგ ამაგრებთ ოპტიკას ამ გადამყვანებზე. რეალიზების ერთი ვარიანტი, როდესაც კოლოფზე ხდება ოპტიკის დამაგრება რეალიზების მეორე ვარიანტი, როდესაც ოპტიკა მაგრდება ლულაზე არასტანდარტული გადაწყვეტაა მაგრამ მუშაობს, თან მითუმეტეს ამ თოფზე უმეტესობა არ ამაგრებს არანაირ ოპტიკას, კმაყოფილდებიან ღია სამიზნით, ასე რომ არც იყო გამართლებული დამატებითი თანხების ჩაყრა არასაჭირო, ან ნაკლებად გამოყენებად სამაგრის რეალიზებაში. ღია სამაგრი ძალიან მარტივი მოწყობილობაა, რეგულირდება უკანა სამიზნე, ზემოთ ქვემოთ და გვერდებზე. შედეგად შეგიძლიათ გაასწოროთ სამიზნე. ტესტირება ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა... ფაქტია ტესტები ჩასატარებელია აბა ისე რა აზრი აქვს, მიმოხილვას? მემგონი არანაირი, მაგრამ როგორ შევამოწმო თოფის შესაძლებლობები? ერთი დატენვით ერთ ტყვიას ისვრის, შესაბამისად გრაფიკებს ვერ ავაგებ, ვერც ერი დატენვით გასროლების რაოდენობას დავითვლიდი , ამიტომაც ავდგექი და რამდენიმე სახის ტყვია ვისროლე, სხვადასხვა დატუმბვის რაოდენობით. ანუ ერთი დატუმბვა გასროლა, კიდევ ერთხელ დატუმბვა და საკონტროლო შემოწმება, ასე 5-ჯერ, შედმეგ, 2 დატენვა, გასროლა და ასე შედმეგ. მწარმოებელი წერს რომ შეიძლება 10-ჯერ დატუმბვა ერთი გასროლის წინ, თუმცა პირველი დატუმბვის შემდეგ, მეორე დატუმბვაზე საკმაო წინააღმდეგობას გრძნობ, ბოლო-ბოლო 1 საფეხურიანი ნასოსი გამოდის და ძნელია დამუხტვა (იმდენად ძნელი არაა რამდენადაც დისკომფორტს გრძნობ). თან 5 და 6 დამუხტვაზე ერთი და იგივე სიჩქარე მივიღე ყველა ტყვიაზე, ამიტომაც ტესტები მხოლოდ 5 დატუმბვამდე მივიყვანე და საკმაოდ შთამბეჭდავი შესაძლებლობები მიჩვენა თოფმა, ასე რომ 6-7 და მეტი ბუქნები მე აღარ მიკეთებია, ეს უკვე თოფის მფლობელებისთვის დამითმია. მაშ ასე დავიწყეთ ... ჩამოვწერ რამდენიმე ტყვიას და რამდენ ბუნქზე რა საშუალო სიჩქარეს იძლევა ეს თოფი: Crosman Pointed 7.9 grain 1 დატუმბვა - 98 მ/წ 2 დატუმბვა - 147 მ/წ 3 დატუმბვა - 175 მ/წ 4 დატუმბვა - 194 მ/წ 5 დატუმბვა - 205 მ/წ Crosman Premier 10.5 grain 1 დატუმბვა - 85 მ/წ 2 დატუმბვა - 125 მ/წ 3 დატუმბვა - 150 მ/წ 4 დატუმბვა - 170 მ/წ 5 დატუმბვა - 183 მ/წ Benjamin Hollow Point 10.5 grain 1 დატუმბვა - 86 მ/წ 2 დატუმბვა - 123 მ/წ 3 დატუმბვა - 150 მ/წ 4 დატუმბვა - 169 მ/წ 5 დატუმბვა - 179 მ/წ JSB 8.4 grain 1 დატუმბვა - 99 მ/წ 2 დატუმბვა - 136 მ/წ 3 დატუმბვა - 165 მ/წ 4 დატუმბვა - 180 მ/წ 5 დატუმბვა - 200 მ/წ Crosman Super Point 7.9 grain 1 დატუმბვა - 97 მ/წ 2 დატუმბვა - 138 მ/წ 3 დატუმბვა - 165 მ/წ 4 დატუმბვა - 188 მ/წ 5 დატუმბვა - 203 მ/წ Crosman Hollow Point 7.9 grain 1 დატუმბვა - 96 მ/წ 2 დატუმბვა - 143 მ/წ 3 დატუმბვა - 170 მ/წ 4 დატუმბვა - 187 მ/წ 5 დატუმბვა - 201 მ/წ მგონი საკმაოდ შთამბეჭდავი სიჩქარეებია, 5 დატუმბვა და მსუბუქი ტყვიებით 200 მეტრით ისვრი... არც თუ ისე ცუდია. მაქსიმალური სიჩქარე მსუბუქი 7,9 გრანიანით მიიღება 239 მეტრ წამი 8 დატენვით რაც პრაქტიკულად მწარმოებლის მიერ ნახსენები 800 FPS-ის ექვივალენტია. მძიმე ტყვიით იგივე 8 ბუქნზე მაქსიმუმ მიიღება 211 მეტრ წამი. აი სროლა საერთოდ საოცარი იყო, თან ღია სამიზნიდან სროლა... ოოოო არ დაიჯერებთ რისი თავი აქვს ამ თოფს, მართალია ყველაზე კარგი ნასროლი შემთხვევით გადავაგდე, მაგრამ ერთი სამიზნე მაინც შემომრჩა, ასე რომ რაღაცას მაინც გაჩვენებთ. მაშ ასე რადგან სამიზნე ღია მქონდა და ოპტიკის სამაგრები მე არ გამაჩნდა, შესაბამისად, ამოვირჩიე 11 მეტრიანი დისტანცია, მთლად 10 მეტრი არ გამომივიდა, იმიტომ რომ ოლიმპიელი არ ვარ . მაშ ასე 11 მეტრი და სამიზნეში 5-5 ტყვია. შედეგი სურათზეა: როგორც ხედავთ ოლიმპიური შედეგი არაა, მაგრამ თუ გაქცეულ ტყვიას არ ჩავთვლით და მერწმუნეთ უმეტესობა შემთხვევაში ტყვია არ გაგირბით მიუხედავად იმისა რომ ღია სამიზნით 11 მეტრზე სამიზნის დაჭერა საკმაოდ ძნელია (წარამარა თვალებში ბლური გიჩნდება და გერევა წინა - უკანა სამიზნე, პლიუს ცდილობ ქაღალდს თვალი არ მოაცილო), უმეტესობა ნასროლი შედეგებისა თამაშობს 10-15 მილიმეტრთან. სამწუხაროდ ტესტირებიდან მხოლოდ ეს ერთი მიზანი შემომრჩა რომ თქვენ გაჩვენოთ. იმავე ღია სამიზნით 30-35 მეტრზე შეიძლება ლუდის ნახევარ ლიტრიანი ალუმინის ქილის დაგდება, მინის ბოთლის გატეხვა... მაგრამ მინიმუმ საჭიროა 5 დამუხტვა, თან ვერ დავიკვეხნი რომ ღია სამიზნით ყოველთვის ვარტყავდი, მაგრამ სადღაც ყოველი 5 გასროლიდან 3 მიზანს ხვდებოდა (ისე მინის ქილა ყოველთვის არ ტყდება, განსაკუთრებით ლიმონათის ბოთლები). მიუხედავად იმსა რომ ერთის შეხედვით სერიოზული თოფი არაა... მოკლედ ვიზუალური მხარე აშკარად შეცდომაში შეგიყვანთ, თოფს გაცილებით მეტი შეუძლია ვიდრე მასზე იფიქრებთ, ან ვიდრე მას მწარმოებელი აფასებს. რაც არ უნდა საოცარი იყოს მიდუღებული ლულაც თავის საქმეს აკეთებს და მიზანს არ აცდენს ტყვია, მიდი ახლა და ილაპარაკე რამდენიც გინდა გამოკიდებულ ლულაზე Conclusion კარგით მოდით პლიუს მინუსები გამოვთვალოთ, მთავარი პლიუსები უკვე ჩანს, მსუბუქი თოფია, ავტონომიურობა გაქვთ, სურვილის შემთხვევაში ოპტიკას დაამაგრებთ, სროლისას მშვენიერი განმეორადობა, მიზანში მოხვედრა.. წესით და რიგით მეტი რაღა უნდა გინდოდეს კაცს? ჰმმმმ, არის რაღაც რაც გინდა და ამ თოფს არ აქვს, როდესაც რაიმე იარაღს ახსენებ გინდა რომ ცოტაოდენ სერიოზული იყოს, ვიზუალურადაც გამოიყურებოდეს და სხვა თუ არაფერი დეტალები იყოს კარგად დამუშავებული, სამწუხაროდ არაფერი აქ ჩამოთვლილიდან არ გააჩნია ამ თოფს. ეს არის იაფიანი ვერსია, შესაბამისი იაფიანი დიზაინი, და იაფიანი შესრულება, თუ თქვენ ბარონის ფონ აირის ტიტულის გამო, რომელიც შემკულია ბაბთებით და ბაბთების გარეშე, არ გეკადრებათ ამ დონის თოფი, შეგიძლიათ არ მოკიდოთ ხელი, მაგრამ ვინც სტერეოტიპებს და კომპლექსებს გადალახავს მიიღებს მშვენიერ თოფს, მართალია ოლიმპიურს არა და თან არა სპორტული შედეგების მომცემია, მაგრამ საკმაოდ კარგ სასიამოვნო თოფს. რომელიც ბევრ ზ.დ.პ კლასის თოფს აატირებს. რაც მთავარია ჩხირკედელებს აურაცხელი სამუშაო აქვთ, იქ ლულის ფასკა, კლაპნის გაუმჯობესება, სასხლეტის გადაკეთება... ეს ყველაფერი საჭირო არ არის, საბაზისო მოდელში, მაგრამ ადამიანის სული ისეთია რომ ყოველთვის რაღაცაზე ჩალიჩი უნდა, აი ამ ჩალიჩის რეალიზების შესაძლებლობას გაძლევთ ეს თოფი. ახლა კი მოდით პლიუს მინუსები ჩამოვყაროთ: პლიუსები: 1) წონა 2) სიმარტივე 3) ღია სამიზნეები 4) ავტონომიურობა 5) მიზანში მოხვედრა, მიუხედავად წვრილი და მიდუღებული ლულისა 6) PCP-ს მუშაობის პრინციპი 7) ორ საფეხურიანი სასხლეტი 8) სიჩქარის განმეორადობა გასროლიდან გასროლამდე მინუსები: 1) მოდერის არ არსებობა 2) დამუხტვის საჭიროება ყოველი გასროლის წინ 3) ხისტი სასხლეტი 4) მიმწოდებელი დამუშავებას საჭიროებს 5) გადამშვები მისახედია 6) ოპტიკის სამაგრის არ არსებობა 7) მიდუღებული დეტალები 8) ვერ შეცვლით ლულას მარტივად 9) ლითონის დეტალების დამუშავების ხარისხი 10) მიმწოდებლის წვრილი თავი 11) ღვედის დასამაგრებელი არ არსებობს კლიპის არსებობა არ არსებობა მე პირადად არც მინუსად და არც პლიუსად არ მიმაჩნია. რა აზრი აქვს კლიპს თუ შემდეგი გასროლისთვის ჯერ ჰაერი გაქვს დასაჭირხნი და ასევთქვათ ზედმიყოლებით მეორე გასროლას მაინც ვერ აკეთებ? ამიტომაც კლიპის მოყვარულებს შეუძლიათ იწუწუნონ, რეალურ მსროლელებს კი ერთი ტყვიის ჩადება გამოადგებათ. მოკლედ თოფი სრულად ამართლებს თავის თავს და ფასს. აშკარად აქვს უფლება არსებობდეს და ახარებდეს პლინკის მოყვარულებსაც და მონადირეებსაც, აი სპორტის მოყვარულებს კი შეუძლიათ სხვა თოფი ეძებონ .
| |
> |
|
|
Jun 11 2011, 02:21 PM
პოსტი
#2
|
||
ზეზუსტი მსროლელი ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 |
დიდ გასვლაზე ვერ წამოვედი,მაგრამ სამაგიეროთ რა პოსტი წავიკითხე? ხალისი რომ დაგიბრუნდა ბატონო ავტორო,მისასალმებელია. ასეთი რეკლამისთვის კროსმანმა და გრიგოლიმ ერთად უნდა გადაგიხადონ.ისე დაწერე ხალხს ყიდვა მოუნდა.იმედია რემონტი ხელს არ შეგიშლის და კვლავაც გაგვახარებ.
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 08:55 PM |
Hosted by Pro-Service |