
დედა ღვთისმშობელმა დაიცვას და დაიფაროს პირველ რიგში ჩვენი სამშობლო საქართველო.
მადლი და წყალობა არ მოაკლოს ჩვენს დალოცვილ ქვეყანას.
შეეწიოს ყველა თქვენთაგანის ოჯახებს. მადლის წყარო არ გამოგილიოთ უფლმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით.
ჩვენ ყველას კი სარწმუნოებაში გაძლიერებას ვუსურვებდი. როგორც ღვთისმშობლის საუჯდომელ საგალობელში იკითხება ''ფილოსოფოსთა სულელად გამომაჩინებელო" ანუ რას ნიშნავს ეს? ფუჭია და ამაოა განათლება და მეცნიერება რომელიც ღვთის სადიდებლად და მის შესაცნობად არ მიუღია ადამიანს. ამიტომაც ამა სოფლის უდიდესი სწავლულებიც კი უძლურნი არიან ღვთის სიბრძნესთან. ღმერთმა ყველანი განგავრცოს თავის სიბრძნეში.
''ანგელოსთა მიცვალება ყოველადწმიდისა იხილეს და უკვირდათ, ვითარ ქალწული აღვალს ქუეყანით ზეცას.
ძლეულ იქმნეს ბუნებანი მეტყუელნი შენთჳს, ქალწულო უბიწოო, ქალწულებრივი შობა და სიკუდილი ცხოვრების მომცემელი და შემდგომად შობისა ქალწულად ჰგიე და მოკუდავი ცხოველ ხარ, ღმრთისმშობელო, სამართლად გადიდებთ შენ.ამინ ''
კიდევ ერთხელ გილოცავთ
მიძინება ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა – ჩვეულებრივად, სიკვდილი კაცისა დიდი მწუხარების გამომწვევია, იმიტომ, რომ იგი მრავალს დააკლდება. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი კი მიცვალების, ანუ მიძინების შემდეგ მახლობელთა მისთა და საერთოდ, სოფელს კი არ მოაკლდა, არამედ, პირიქით, სოფელმა იგი შეიძინა, ანუ, როგორც საგალობელშია ნათქვამი – შობასა ქალწულება დაიმარხა და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევა. თუ ამ ქვეყნად მისი ცხოვრება მხოლოდ რამდენიმე მახლობლისათვის იყო ცნობილი, რომელნიც მისგან გამოუთქმელ ნუგეშს, დიდსა და სულიერს სარგებლობას იღებდნენ, ამ სოფლიდან იმ სოფელში გადასვლის შემდეგ იგი მთელი სამყაროსათვის შეიქმნა წყარო მადლისა და კარი მოწყალებისა. აი, მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინებას სიხარულით ვდღესასწაულობთ.
ამოწერილია orthodoxy.ge-დან