თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ PCP - Pre Charged Pneumatics _ ARTEMIS PP750 სრული განხილვა

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 1 2020, 01:55 PM

იყო და არა იყო რა, PP750-ზე უკეთესი რა იქნებოდა... და ასე იწყება ჩვენი დღევანდელი მოგზაურობა პნევმატურ ჩინეთში.

დღეს სტუმრად და განსახილველად გვყავს კომპანია ARTEMIS-ის შედარებით ახალი პროდუქტი, ეს არის PP750 რომელიც გარკვეული ძალდატანებით შეიძლება ითქვას რომ არის რაღაც შუალედური რგოლი PP700-სა და PP800-ს შორის, თუმცა მთლად ასე არ არის.

აქვე მინდა ვახსენო რომ დღევანდელი პროდუქტი განხილვისთვის მოგვაწოდა მაღაზიამ http://iaragi.ge/. რისთვისაც დიდი მადლობა მინდა მოვუხადო მაღაზიასაც და მის მფლლობელს, შეთავსებით ჩვენს ფორუმელს გრიშას (იგივე http://www.airgun.ge/forums/index.php?showuser=237)

ეს იარაღი მიმოხილვის დაწერის მომენტისთვის, ეს კი არის დღევანდელი დღისთვის შორეული 2020 წლის 7 ოქტომბერი, http://iaragi.ge/product/pp750-pcp/. სამწუხაროდ ლარს ბოლო პერიოდში ისეთი ელეთ მელეთი სჭირს რომ ზუსტად ძნელი თქმა იმ დროს როდესაც შენ ჩემო მკითხველო კითხულობ ამ მიმოხილვას რა ფასი ექნება ბაზარზე ამ იარაღს, მაგრამ დღევანდელი დღისთვის ეს არის საოცარი და სასიამოვნო ფასი, პრაქტიკულად 200$-თან თამაშობს იარაღის ფასი, რაც ამ პისტოლეტს ერთერთ ყველაზე იაფს ხდის.

იარაღი მოდის საკმაოდ კომპაქტურ შეფუთვაში და რაღაცით დიპლომატის მინი ჩანთას გვაგონებს, მითუმეტეს რომ სასიამოვნო სახელურიც გააჩნია უფრო კომფორტული გადატანისთვის



ყუთს ყველა მხრიდან აწერია ფირმა ARTEMIS-ის სახელი და მოდელის დასახელება PP750. აქვე მინდა დავძნო რომ ARTEMIS-ს აქვს თავისებური მიდგომა კომპანიის სახელთან, მაგალითად თქვენ თუ დაუკვეთავთ 10 000 ცალ ერთი სახეობის რომელიმე იარაღს, შეგიძლიათ ასევე საკუთარი ბრენდის სახელით გამოუშვათ უკვე ხსენებული იარაღი. ასე მაგალითად თუ თქვენ გაქვთ ფირმა სახელად Vano Del Gogia, და თუ დაუკვეთად 10 000 ცალ PP750-ს მაშინ შეგიძლიათ მოსთხოვოთ მამროებელს რომ ყუთზე ARTEMIS-ის მაგივრად ეწეროს Vano Del Gogia, ამასობაში მოდელის სახელი PP750 დარჩება იგივე.



ეს გარკვეულ აურზაურს იწვევს ბაზარზე, რადგან ბევრი სხვა მოდელი მაგალითად PP700 ინტერნეტში არის აურაცხელი სხვადასხვა ფირმების სახელით, ხანდახან ეს მომხმარებლებში გაუგებრობას იწვევს, ზოგს ჰგონია რომ მისი ვერსია ორიგინალია დანარჩენი კი ჩინური მიმსგავსებული ვერსიაა და ასე შემდეგ, სინამდვილეში ყველა ერთი და იგივე მოდელია და ერთსა და იმავე არხანაშია აწყობილი.



დავუბრუნდეთ ჩვენს დღევანდელ განსახილველ მოდელს, როგროც უკვე ვთქვი ყუთი საკმაოდ მოხერხებულად გამოიყურება ხოლო ყველაზე საინტერესო კი ყუთის უკანა მხარეზე დაგვხვდება, კერძოდ ტექნიკური სპეციფიკაციები.... როგორც წესი ასეთი რამ სხვა მწარმოებლის პროდუქციაში არ გვხვდება ხოლმე, ყუთს აწერია ხოლმე რაღაც უსასრულოდ დიდი ციფრი და FPS, მეტი როგორც წესი არაფერი აწერია ხოლმე. სერიოსული ფირმები თვლიან რომ მათი პროდუქცია კლიენტმა ისედაც იცის, დაბალი ფასის მწამროებლები კი მხოლოდ სიჩქარით და დიდი FPS_ებით შემოიფარგლებიან ხოლმე, აქ კი სრული ჩამონათვალი და ცხრილი გვაქვს.... ჰმმმ საკმაოდ მოულოდნელია..

მოდი გადავხედოთ რა ინფორმაცია წერია და რომელი რას გვეუბნება



ტექნიკური სპეციფიკაციებიდან ვიგებთ რომ იარაღი:
1) გამოდის 2 კალიბრში, ესაა 4,5 და 5.5 კალიბრი, ჩვენი უთავბოლო ქართული კანონმდებლებისა და შემსრულებლების 8 წლიანი შემოქმედების შედეგი ისაა რომ საქართველოში მხოლოდ 4,5 კალიბრი დაიშვება და ისიც აბსოლუტურად გაუგებარი და ამოუცნობი მოთხოვნებით. ამიტომაც განვიხილავთ მხოლოდ 4,5 კალიბრს
2) 4,5 კალიბრში ტყვიის სიჩქარე აქვს 680 FPS (ისევ ეს ბრიტანული ათვლის სისტემა, მოკლედ ჩვენებურად რომ ვთქვათ სიჩქარე არის 207 მეტრ წამი), ხოლო 5,5 კალიბრში 550 FPS-ი ანუ 167 მეტრ წამი.

აქვე დავძენ რომ მწარმოებლის საიტზე წერია რომ ეს იარაღი იძლევა 750 FPS-ს 0,53 გრამიანი ტყვიით 228 მეტრ წამს დამაინტრიგებელია არა, რომელია მართალია ყუთზე რაც წერია თუ საიტზე? საინტერესო ის არის რომ საიტის მონაცემებიდან გამოდინარე ვიცით არა მარტო FPS-ები, არამედ ტყვიის წონაც, შესაბამისად შეგვიძლია გამოვიანგარიშოთ თუ რა ენერგიის პისტოლეტია მწარმოებლის განცხადებით, ჩვენი კალკულატორის დახმარება და გამოდის რომ იარაღი არის სადღაც 13-14 ჯოულის ენერგეტიკის მქონე.



ტექნიკურად ეს უფრო მართებული პარამეტრებია, ვიდრე თურქულ ამერიკულ ვარიანტში მხოლოდ FPS-ების დაწერა და შემდეგ ფორუმებზე და ფეისბუქებზე მომხმარებლებს შორის შეხლა შემოხლა რომლის თოფი უფრო მეტ FPS-ს იძლევა, ამასობაში არცერთმა მფლობელმა არ იცის რეალურად რომელი ტყვიით რა სიჩქარეს იძლევა მისი თოფი, აქ კი ნათლად გვაქვს ენერგეტიკა მოცემული13-და 14 ჯოულამდეო, ენერგია არის უნივერსალური ათვლის სისტემა და არა წარმოსახვითი მეტრ წამები, ან FPS-ები


3) მესამე პარამეტრად გაწერილია რეზერვუარის მოცულობა, აქაც გარკვეული კურიოზი გველის, ყუთზე წერია რომ იარაღს აქვს 40 კუბური სანტიმეტრი და იძლევა 30 სრულყოფილ გასროლას, ხოლო საიტი გვამცნობს რომ რეზერვუარის მოცულობა არის 66 კუბური სანტიმეტრი და თოფი იძლება 40 სრულყოფილ გასროლას, საინტერესო კურიოზია არა :-).

4) შემდეგი პუნქტი გვამცნობს რომ გვაქვს ოპტიკის სამაგრი რელსი 11 მილიმეტრიანი მერცხლის კუდი

5) მეხუთე პუნქტი რატომ არის საერთოდ დატანილი არ ვიცი, გვამცნობს რომ აქვს წინა არა რეგულირებადი ღია სამიზნე

6) ამ პუნქტში ვხედავთ რომ გვაქვს რეგულირებადი სასხლეტი, რომლის ძალაც შეგვიძლია დავარეგულიროთ 0,5 LBS-იდან ანუ 227 გრამის ძალიდან - 4 LBS-მდე ანუ 1,8 კილოს ძალამდე, რა თქმა უნდა ნორმალური ადამიანი მაქსიმალურამდე არასდროს აწევს ძალას, მაგრამ სადღაც 300-500 გრამის ფარგლებში საკმაოდ კომფორტული არის ამ იარაღზე სასხლეტი

7) მეშვიდე პუნქტიდან ვიგებთ რომ გვაქვს რეგულირებადი უკანა სამიზნე, ოღონდ რეგულირება ხდება მხოლოდ ზემოთ ქვემოთ, ანუ ვერტიკალში, სამწუხაროს ჰორიზონტალის გასწორება ამ თოფს არ გააჩნია

8) დარჩა ბოლო 2 პუნქტი, ერთი გვამცნობს ზომებს ხოლო მეორე კი წონას, თოფი სულ იწონის 1,5 კილოგრამსო. საკმაოდ კაი წონაა, მითუმეტეს რომ რეალობაში წონა 1,450 კილო აღმოჩნდა ანუ 50 გრამით მსუბუქი ვიდრე ამას ყუთი გვპირდებოდა
ამით გარეგნულ შეფასებას მოვრჩეთ და გადავიდეთ ყუთის გახსნაზე


პისტოლეტი პოდიუმზე

ყუთის გახსნის მეთოდიკას არ აღვწერ იმედია ამ ეტაპის დაძლევა ყველას უმტკივნეულოდ შეუძლია, უბრალოდ ფრთხილად, თორემ ყუთს დახევთ, დიდი ტრაგედია ამაში არაფერია, მაგრამ შემდგომში მოგიწევთ ყუთის გარეშე მოძრაობა :-)



ასეა თუ ისე გავხსენით ყუთი და პირველი რასაც ვხედავთ ეს არის თოფის კონტურები და ასევე მომხმარებლის წიგნაკი, იდეაში შეგიძლიათ წიგნაკის გარეშეც მიაგნოთ ყველაფერს მაგრამ თუ გადახედავთ მიგნების პროცესი გაცილებით ჩქარი იქნება, მაგალითად როგორ იტენება თოფი, კლიპი, სადაა სასხლეტის რეგულირება, როგორ უნდა გამოიყენოთ კონდახი და სხვა.







ბროშურის გადადების შემდეგ ვხედავთ თვითონ იარაღს, საკმაოდ სიმპათიური მოკლედ ნაკეთობაა, ყუთიდან ამოღების შემდეგ შეგიძლიათ ყუთის შიდა მუყაოს გული გადმოხსნათ, შიგნით აღმოაჩენთ სერვისულ კიტს, რომელშიც შედის აურაცხელი რეზინის რგოლები, ჩქარი ჩახსნის ფოსტერის დამტენი, კლიპი 9 ტყვიაზე გათვლილი და სპეციალური ბურუსით მოცული მილი შიგნიდან ექვსკუთხედების ფორმით. ამ ყველაფერს ეტაპობრივად ნელ-ნელა განვიხილავთ





იარაღის ხელში აღებისას გრძნობ რომ ხელში მართლა კარგი ნაკეთობა გიჭირავს. ხელი თვითონ გარბის და კონდახს ხსნი, ამის შედმეგ კი იღებ სრულყოფილ იარაღს თავისი კონდახით. სხვათა შორის თუ საჭიროება მოითხოვს კონდახის მოხსნა შეიძლება უმარტივესი 1 მოქმედებით, ამის შედმეგ კი ხელში მართლაც საკმაოდ კომპაქტური პისტოლეტი გვიჭირავს.



შემოვატრიალოთ იარაღი ჩვენსკენ და დავინახავთ რომ უკნიდან გვაქვს დამრტყმელის ძალის მარეგულირებელი ვინტი, რას უფრო მოუერთ მით უფრო ძლიერი იქნება ზამბარა, ხოლო რაც უფრო მოუშვებთ ანუ ამოხრახნით დამრტყმელის ზამბარას მით უფრო მოასუსტებთ და უფრო დაბალ სიჩქარეს მიიღებთ.



ხელშივე გხვდებათ საკმაოდ კომპაქტური გადასატენი სახელური, რომელიც იმდენად თხელია და კორპუსთანაა შერწყმული რომ თავიდან შეიძლება კორპუსის ძირითადი ნაწილი გეგონოთ.



ცოტა ძირს თუ გადავინაცვლებთ, მივაგნებთ სასხლეტს. რომელზეც ასევე არის დატანილი მცველი, თუმცა მცველს პატარა თავისებურება გააჩნია, კერძოდ, როდესაც მარცხნიდან მარჯვნივაა გამოწეული და მარჯვენა მხარეს ვხედავთ მცველის რგოლთან წითელ წრეს, ეს გვეუბნება იმას რომ იარაღი საბრძოლო მდგომარეობაშია.



თუ დაგვჭირდება იარაღის მცველზე დაყენება მაშინ მაგალითად მარჯვენა ხელის მაჩვენებელი თითი შეგვიძლია დავაჭიროთ ღილაკს და ამოწეული ღილაკი დაიმალება, ასევე გაქრება წითელი ზოლი, ანუ იარაღი მცველზეა დაყენებული, ან ხელახლა 1 ხელის გამოყენებით საბრძოლო მდგომარეობაში იარაღის გადაყვანა აღარ გამოგივათ :-)

იარაღის სახელური ისეა მოწყობილი და ისეთ ადგილზეა მცველი განთავსებული, რომ იგივე მარჯვენა ხელის პირობითად ცერა თითით ვერაფრის დიდებით ვერ მიწვდებით მცველის ღილაკს რომ იარაღი საბრძოლო პოზიციაზე გადაიყვანოთ, ნებისმიერ შემთხვევაში მოგიწევთ მეორე ხელის გამოყენება.



ნუ ჩაგეცინებათ თუ ცაცია ხართ და იარაღი მარცხენა ხელში გიჭირავთ, აქ უკუ პროცესი გელით, ყოველთვის ერთი ხელით შესძლებთ იარაღის საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანას, მაგრამ აი მცველზე დასაყენებლად უკვე მეორე ხელი დაგჭირდებათ.


ღია სამიზნე და ოპტიკის დამაგრება

თუ გადავინაცვლებთ კოლოფის თავზე აღმოვაჩენთ რომ კოლოფის წინა ნაწილზე დატანილი ოპტიკური სამიზნის დასამაგრებელი რელსი 11 მილიმეტრიანი მერცხლის კუდი, სამწუხაროდ თოფი ისეა მოწყობილი რომ მერცხლის კუდი არ არის კოლოფის უკანა ნაწილში დატანილი, ამიტომაც, მოგვიწევს ოპტიკის დამაგრება მხოლოდ წინა ნაწილზე და იმისათვის რომ დავამაგროთ ოპტიკის წინა რგოლი უკვე მოგვიწევს შრაუდერზე განთავსებული მოძრავი სამაგრის გამოყენება. იდეა ძალიან პრაქტიკულია, თუმცა აქვე დავძენ რომ დიდი ოპტიკის დაყენება ამ პატარა პისტოლეტზე მთლად კარგი იდეა არაა, ხოლო მოკლე ოპტიკის დამაგრებისას მოგიწევთ მხოლოდ კოლოფის წინა ნაწილზე არსებული სამაგრის გამოყენება, რადგან ოპტიკა პატარა და ფიზიკურად არ წვდება წინა სამაგრს, თან პატარა ოპტიკა თვალთან მაინც მისაახლოებელია 5-დან 8 სანტიმეტრის მანძილზე (გააჩნია ოპტიკას) რომ ხედვა გქონდეს, ამის გამო მოკლე ოპტიკის მაქსიმალურად უკან დაყენება გიწევთ.







რაც შეეხება საბაზისო ღია სამიზნეებს... კი არსებობს და დიახ შეიძლება მისი მეშვეობით დამიზნება, მაგრამ გასათვალისწინებელია რამდენიმე თავისებურება



- რეგულირება მხოლოდ უკანა სამიზნის შეიძლება, მხოლოდ ვერტიკალში, ამის გაკეთება შეიძლება უკანა სამიზნეზე უკნიდან არსებული პატარა ვინტის მოშვებით და შემდეგ დატანილი პატარა ლითონის ფირფიტის მოძრაობით, ძალიან ძნელია სასურველ და საერთოდ შეუძლებელია საჭირო პოზიციაში ამ სამიზნის გაჩერება. სადაც მოგიხერხდებათ იქ შესძლებთ გაჩერებას და დაჭერას. არ არსებობს არანაირი კლიკების სისტემა, ან რაიმე ბიჯების სისტემა. უმარტივესი ვინტის მოჭერა მოხნა და მორჩა.





- საერთოდ ვერ დაარეგულირებთ წინა სამიზნეს, ის ფიქსირებულია შრაუდერზე და მიჭერილია შრაუდერის დამაბოლოებელი ხუფით რომელიც ამ შემთხვევაში ასევე წინა სამიზნის მომჭერი ვინტის ფუნქციასაც ითავსებს. ამ ხუფის მოშვება ძლიან ძალიან ძნელია. სასიკვდილოთაა მოჭერილი, ძალიან იწვალებთ პირველ ჯერზე მის მოშვებაზე, თუმცა ეს ტყუილა არაა გაკეთებული, მწარმოებელმა იცის რომ თუ ერთხელ მოუშვებთ ხუფს, წინა სამიზნე თავისუფალ მოძრაობაში გადავა და შემდეგ პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება მისი სწორე პოზიციაში გაჩერება smile.gif. სამიზნე იქნება ყოველთვის ან მარცხნივ ან მარჯვნივ გადაწეული, მაგრამ ზუსტად ცენტრში ვეღარასოდეს დასვავთ smile.gif
ასე რომ ჩავთვალოთ ღია სამიზნეები რუდიმენტალური დამიზნების საშუალებაა, და თუ მისი დარეგულირება დაგჭირდათ შარში ხართ smile.gif





რაც შეეხება შრაუდერს რომელიც აქ უკვე ვახსენეთ... ძალიან ელემენტარული მოწყობილობაა და მინიმალურ სამუშაოს ასრულებს, ფიზიკურად არ ყოფნის სიგრძე და მოცულობა რომ ეფექტური იყოს, ეფექტურობაზე დადებითად არ აისახება ასევე შიდა გადატიხვრების სისტემაც, რომელიც მხოლოდ 3 ალუმინის მილით და მიკრო კონუსული ფირფიტით გამოიხატება. რეალურად ეს შიდა კონსტრუქცია უფრო მეტ მოცულობას გვაკარგინებს და ეფექტი უფრო და უფრო მცირდება, ასე რომ თუ სიჩუმე გიყვართ ჯობს დამატებით მოდერატორზე იფიქროთ, თუმცა ამ შემთხვევაში პისტოლეტი უკვე დაგრძელდება, ესეც უნდა გაითვალისწინოთ.



კონდახი, რეზერვუარი, კლიპები და სერვისული კიტი

რადგან პისტოლეტის წინა მხარეს განვიხილავდით აქვე განვიხილოთ წინა ხუფი და მანომეტრი. მანომეტრს თუ შეხედავთ დაინახავთ რომ იარაღი დატენილია მიახლოებით შუამდე, ანუ სადღაც 150-170 ატმოსფეროს შორის. გაითვალისწინეთ ეს წნევა იმისთვის არაა რომ თქვენ მაღაზიაში დაიწყოთ იარაღიდან სროლა, მომხმარებლების დაშინება დაიწყოთ. უბრალოდ ამით მწარმოებელი გაცნობებთ რომ თქვენამდე იარაღი მოვიდა მუშა მდგომარეობაში, არსად არ აპარებს და შეგიძლიათ მშვიდად იყოთ.



მანომეტრზე დატანილია ფერადი ათვლითი სისტემა, ვიზუალური შეფასებისთვის საკმაოდ მოხერხებულია, ასევე დატანილია ციფრები 10 -20-30 იმის გამო რომ ციფერბლატი პატარა მოხდა ციფრების შეკვეცა ადგილის ეკონომიის მხრივ, და ამიტომაც, შემოკლებითაა დაწერილი ციფრები, რეალური მნიშვნელობები არის 100-200 და 300, ამას თქვენც მიიღებთ თუ დააკვირდებით რომ მანომეტრის მარცხენა ქვედა მხარეს წერია x10 ანუ 10-ზე გაამრავლეთ ციფრები და მართებულ მნიშვნელობას მიიღებთო.



დატენვით იარაღის დატენვა შეიძლება 250 ატმოსფერომდე, ამ ინფორმაციას ვიღებთ მწარმოებლის საიტიდან, პლიუს იარაღის რეზერვუარის მარცხენა წინა მხარეს აწერია 25Mpa Max Pressure ანუ 25 მეგა პასკალიო, რაც ჩვენებურად 250 ატმოსფეროს ნიშნავს. ასევე თუ დავაკვირდებით მანომეტრზე არსებული ფერადი ათვლა გვიჩვენებს რომ სამუშაო წნევა მწვანე ზონაშია რომელიც 250 ატმოსფერომდე ადის, შემდეგ კი წითელი ზონა გვაქვს

გადავერთოთ კონდახზე, რომელიც მინიმალისტურ დიზაინშია შექმნილი, მაგრამ თავის მოვალეობას სრულად ასრულებს. კონდახის ღერძები თუ დააკვირდებით თითოეული მხრიდან 2-2 ბუდეში ზის, წინა ბუდე არის მიმმართელი რომ სწორი ვერტიკალური პოზიცია დაიკავოს კონდახმა, ხოლო უკანა ბუდე არის ფიქსატორით აღჭურვილი.





თავიდან თუ კონდახს გაშლით კონდახის ღერძზე არსებულ ღარამდე შეგიძლიათ უმტკივნეულოდ გაწიოთ კონდახი, როგორც კი ეს ღარი მივა უკანა ფიქსატორიან ბუდეზე, გაიგებთ დაწკაპუნების ხმას და კონდახის ღერო ფიქსირებულ პოზიციაში დადგება.





იმისათვის რომ დაკეცოთ ან საერთოდ მოხსნათ კონდახი პისტოლეტს საჭიროა ფიქსატორის ღილაკებს (ბრინჯაოს ყვითელ ღილაკზეა საუბარი) ორივე მხრიდან დააჭიროთ, ამ შემთხვევაში ფიქსატორი გამოანთავისუფლებს კონდახს და შეიძლება მისი დაკეცვა ან საერთოდ მოხსნა. ჩასმისას ისევ დაუმიზნებთ კონდახის ღერძებს ფიქსატორიან ბუდეს, დააჭერთ ფიქსატორებს რომ ღერძმა უპრობლემოდ გაიაროს ბოდე და შემდეგ კონდახს თამამად ჩასვავთ თავის ადგულზე



კონდახის უკანა საზურგეს, უფრო სწორად მხარზე მისადებს აქვს სარეგულირო ვინტი, მისი მოშვებით გეძლევათ შესაძლებლობა მხარზე მისადები დაარეგულიროთ ვერტიკალში. შედეგად გვაქვს ძალიან მარტივი, მსუბუქი და ამასობაში მუშა თან ფუნქციონალური კონდახი.





სანამ გადავალთ ტყვიის დატენვაზე და კლიპებზე ერთი ორი სიტყვით მინდა შევეხო სერვისულ კიტს. კომპლექტაციაში როგორც თავში ვახსენე პისტოლეტს მოყვება დამხმარე ნაწილები. აქ ჩვენ აღმოვაჩენთ რეზინების საკმაოდ მდიდარ არჩევანს, ეს საკმაოდ კარგი ნაკრებია და პირველადი დაზიანების შემთხვევაში საშუალებას გვაძლევს იოლად მოვემსახუროთ იარაღს, თუმცა თუ გამოცდილება არ გავთ არც იარაღის მომსახურებასთან და არც მაღალ წნევასთან მუშაობის მხრივ, მაშინ უსაფრთხოებიდან გამომდინარე გირჩევდით თქვენი ძალებით იარაღში ნუ ჩაძვრებით, ძალიან ბევრი იარაღი მოსულა ჩემთან ისეთი, რომელიც გამოუცდელმა მომხმარებელმა დაშალა და შემდგომ ან არასწორად ააწყო ან ვერ ააწყო ან აწყობისას იარაღი დააზიანა, ასე რომ თუ გამოცდილება არ გაქვთ სულ მინიმუმ გამოცდილი ადმიანი დაიხმარეთ, საუკეთესო შემთვევაში კი უმჯობესია მცოდნე ადამიანს ან ხელოსანს მიმართეთ.



სერვისულ კიტში ასევე აღმოაჩენთ უცნაურ მრგვალ მილისებურ დეტალს, რომელიც ერთი შეხედვით საერთო გაუგებარია სად ან როგორ უნდა მივუერთოთ იარაღს და რისთვის გვჭირდება.



სინამდვილეში კი ეს დეტალი გამოიყენება იარაღიდან მანომეტრის მოსახსნელად. თვითონ მანომეტრის მოხსნა კი შეიძლება დაგჭირდეთ მაგალითად იმ შემთხვევაში როდესაც მაგალითად რეზერვუარში წნევის დაცლა გჭირდებათ.





კიტში ასევე გვაქვს დამტენი განივი პორტი, რომელიც აღჭურვილია ფოსტერის ჩქარი ჩასხსნის კონექტორით. იმისათვის რომ პისტოლეტი დავტენოთ სამუშაო წნევაზე, საჭიროა დამტენი პორტი მივაერთოთ ნასოსზე, ბალონზე, ან კომპრესორზე (ვისაც რა გაქვთ), ამის შემდეგ კი პისტოლეტზე მანომეტრთან არსებული ხუფი მოვატრიალოთ ისე რომ ხუფზე არსებული ხვრელი დაემთხვეს დამტენ ბუდეს და შეგვიძლია დამტენი ბრინჯაოს პორტი თამამად ჩავაცუროთ ბუდეში.







პატარა რჩევა დამტენ პორტთან დაკავშირებით, თუ გინდათ რომ ნებისმიერ იარაღზე პორტმა დიდხანს იმუშაოს რეზინები არ დაზიანდეს და დატენვის პროცესი საწამებელი არ გაგიხდეთ, ჯობია ჩვევად შემოიღოთ განივ პორტზე არსებული რეზინების დაზეთვა. სასურველია სილიკონის ბაზაზე არსებული საპოხი საშუალებები, რომლებიც არ იწვევენ რეზინების გაბერვას და დეფორმირებას. ეს პატარა ხრიკი გაგიმარტივებთ პორტის ბუდეში ჩასმას და უსასრულო დროით გაგიხანგრძლივებთ რეზინების სიცოცხლეს.



და ბოლოს სერვისულ კიტში გვაქვს კლიპი, რომელიც გათვლილია 9 ტყვიაზე. ისე იარაღის პირველი გადატენვისას გელით პატარა სიურპრიზი, იარაღში უკვე დევს ერთი კლიპი, ოღონდ ეს არის 1 ტყვიის კლიპი. ეს იმ შემთხვევაში თუ ყოველ გასროლაზე გსურთ თითო ტყვიის ჩადება იარაღში, ხოლო თუ გსურთ 9 ტყვიანი კლიპის გამოყენება, მაშინ ერთი ტყვიის კლიპი უნდა ამოიროთ იარაღიდან და უნდა გადახვიდეთ 9 ტყვიან კლიპზე.... რატომ მაინცა და მაინც 9 ტყვია? მართალი გითხრათ არ ვიცი, რატომ აირჩიეს ჩინელებმა 9 ტყვია და არა მრგვალი ციფრი, მაგალითად 10... სამყაროსთვის უცნობია :-).



1 ტყვიის კლიპს როდესაც ამოიღებთ იარაღიდან თუ დააკვირდებით იმ ადგილს სადაც კლიპი იჯდა, დაინახავთ რომ რაღაც საინტერესო ბრჭყვიალა წერტილი ჩანს, ასეთივე ბრჭყვიალა წერტილი აქვს 9 და 1 ტყვიან კლიპსაც. ეს არის პატარა მაგნიტები, რომლებიც გეხმარებათ კლიპის ბუდეში დაფიქსირებაში. კლიპის ჩადების შემდეგ, მისი ამოვარდნა და დაკარგვა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. ძლიან პრაქტიკული და იოლი მექანიზმია მოგონებული თუმცა მაგნიტურ ველს მექანიზმს ბოლომდე ვერ დაარქმევ.



კლიპი უნდა ავღნიშნოთ რომ თავისებურია. დასატენად საჭიროა გამჭირვალე ორგ მინის ხუფი საათის ისრის საწინააღმდეგოდ დაატრიალოთ, შემდეგ კლიპი უნდა ამოატრიალოთ, ტყვია უკნიდან კაბით უნდა ჩააგდოთ ისე რომ გამჭირვალე ხუფისკენ იყოს კაბა მიმართული. ამის შემდეგ კლიპი ისევ ხუფით ჩვენსკენ უნდა ამოვატრიალოთ და ტყვიები უკვე ზემოდან უნდა ჩავყაროთ ცხვირით წინ.






სროლა, სიჩქარეები და შედეგები

სროლისთვის ტესტებისთვის მოვამზადე ქრონოგრაფი, 25 მეტრიანი დისტანცია და ჩვენი ფორუმის სტანდარტული სამიზნეები.

პირველი რა თქმა უნდა ვნახოთ გასროლები. მწარმოებელი გვპირდება ხან 30 ხან 40 გასროლას, მაგრამ ასევე არეულად გვამცნობს რეზერვუარის მოცულობას. თავდაპირველად ვიფიქრე რომ იარაღს ალბათ აქვს 66 კუბიანი რეზერვუარი, მაგრამ რადგან შიგნით აყენია რედუქტორი, სწორედ მას მიაქვს 26 კუბური სანტიმეტრი მოცულობა და ალბათ რეალური რეზერვუარის მოცულობა გვრჩება 40 კუბომეტრი... ეს იყო პირველლადი ფიქრი. ბოლოს რა თქმა უნდა ეს გაუგებრობა ვერ მოვითბინე ამიტომაც, დავშალე რეზერვუარი და გავზომე მისი მოცულობა.

რედუქტორი აღმოჩნდა ძალიან პატარა, პრაქტიკულად PP700-ის ანალოგი, ასე რომ ჩავთვალოთ ის ადგილს საერთოდ არ იკავებს, დაგვრჩა ერთი საქმე გავზომოთ რეალური რეზერვუარის მოცულობა. გაზომვის შედეგად მივიღე 65,85 კუბური სანტიმეტრი, პრაქტიკულად ხსენებული 66 კუბური სანტიმეტრი. ასე რომ ამჯერად დანამდვილებით ვიცი რომ რეზერვუარის მოცულობა გვაქვს 66 კუბური სანტიმეტრი.

გვრჩება კითხვა რამდენ გასროლას გვაძლევს ეს იარაღი ამ მოცულობით და შეუძლია თუ არა 40 გასროლის მოცემა. მართალი გითხრათ ცოტაოდენ სკეპტიკურად ვუყურებდი ამ განცხადებას რადგან ბაზარზე არის რამდენიმე პისტოლეტი, მაგალითად იგივე Marauder Pistol რომელსაც ასევე 65 კუბური სანტიმეტრის მოცულობის რეზერვუარი აქვს და იძლევა 24-25 გასროლას.



სხვა რა გზა გვაქვს ქრონოგრაფი და დავიწყეთ გასროლა. ტესტირებისთვის გამოვიყენე 2 ტყვია, მსუბუქი 0,547 გრამიანი JSB და მძიმე 0,67 გრამიანი JSB. მართალია საიტზე წერია რომ 750 FPS-ს ანუ 227 მეტრ წამს იღებდნენ 0,53 გრამიანი ტყვიით... სამწუხაროდ მე ხელთ ამ წონის ტყვია არ აღმომაჩნდა, მაგრამ 0,547 გრამი საკმაოდ ახლოსაა, ბოლო ბოლო შეგვიძლია ვიგულისხმოთ რომ ჩემს მიერ მიღებულ შედეგებს შეიძლება 2-3 ან 4 მეტრ წამი დავამატოთ და მივიღებთ 0,53 გრამისთვის შესაფერისს შედეგს. მთავარია რაღაც ამოსავალი ციფრი მივიღოთ და შემდეგ ვნახოთ რამდენად შეესაბამება ეს მწარმოებლის მიერ გაცხადებულ სიჩქარეებს.

შეგახსენებთ მწარმოებლის ციფრებს:
- ყუთზე წერია 680 FPS-ი ანუ ჩვენებურად 207 მეტრ წამი - 40 გასროლა და არ არის ტყვიის წონა მითითებული
- საიტზე წერია რომ 0,53 გრამიანი ტყვიით მიიღება 750 FPS-ი ანუ 228 მეტრ წამი - 60 გასროლა
ვნახოთ რომელიმე ციფრი თუ ემთხვევა მწარმოებლის ინფორმაციას.

დავიწყე სროლა მსუბუქი ტყვიით, ანუ JSB 0,547 გრამი (8,2 გრეინი), სულ გავისროლე 5 ტყვია, იდეაში პისტოლეტში რედუქტორი აყენია და ეს რაოდენობა საკმარისია იმისათვის რომ საერთო სურათი მივიღოთ. შედეგები მივიღე შემდეგი:
1) 222
2) 217
3) 222
4) 221
5) 221
როგორც სჩანს ეს ციფრები საკმაოდ ახლოსაა მწარმოებლის განცხადებასთან რომ ეს თოფი იძლევა 228 მეტრ წამს, ჩემს მიერ გამოყენებული ტყვია ცოოტათი მძიმეა, ამიტომაც კიდევ 3-4 მეტრ წამიც რომ მივამატოთ მიღებული შედეგებს პრაქტიკულად მწარმოებლის სურათს მივიღებთ.

მიღებული შედეგებიდან ავიღებ საშუალო ციფრს ანუ 221 მეტრ წამს, ტყვიის წონა ცნობილია და გამოვთვალოთ ენერგეტიკა ფორმულით ტყვიის წონა კილოგრამებში გამრავლებული სიჩქარის კვადრატზე და გაყოფილი 2-ზე, ანუ კინეტიკური ენერგია, მივიღებთ 0,000547კგ x 221მწ x 221მწ / 2 =13.358 ჯოული

სასიამოვნოა როდესაც მწარმოებელი რეალურ სურათს გვაძლევს რეალური წონებიდან გამომდინარე და არ გვაძლევს თურქული, ან ამერიკული ფართო მოხმარების იარაღებივით დაუსაბუთებელ ციფრებს 1200 FPS, 1500FPS 1800 FPS… ყოველთვის მაქვს ხოლმე ამ შემთხვევაში კითხვა კი მაგრამ რა წონის ტყვიით?!!!

როგორც ჩანს ჩინელები უფრო პატიოსნები აღმოჩნდნენ smile.gif

კარგი გადავედი მძიმე ტყვიებზე, ანუ JSB 0.67 გრამი (10,34 გრეინი), აქაც მხოლოდ 5 გასროლა გავაკეთე და მივიღე შემდეგი შედეგები:
1) 209
2) 207
3) 207
4) 207
5) 205
აშკარაა რომ მძიმე ტყვიას 220 და მითუმეტეს 228 მეტრით ეს პისტოლეტი ქარხნული პარამეტრებით ვერ ისვრის.

მიღებული შედეგებიდან მოდით ისევ საშუალო ციფრი ავიღოთ ეს იქნება 207 მეტრ წამი, ტყვიის წონა ვიცით 0,67 გრამი, შედეგად ფორმულის გამოყენებით ვიღებთ ენერგეტიკას 14.35 ჯოული... მშვენიერი მაჩვენებელია ამ პატარა მოწყობილობისთვის

მინდა გითხრათ რომ ძლიან კარგი შედეგებია როგორც მსუბუქი ასევე მძიმე ტყვიით. შეგახსენებთ ერთ-ერთ შემთხვევას, როდესაც მომხმარებლები ადრე Crosman 1377-ის გადაყვანას აკეთებდნენ PCP სისტემაზე, გარდა იმისა რომ ძვირი გამოსდიოდათ ეს სიამოვნება, ასევე სიჩქარეებს იღებდნენ 160-190 მეტრ/წამის დიაპაზონში, მხოლოდ დიდი შრომის შედეგად შეიძლებოდა მიგვეღო ხოლმე 210-220 მეტრ წამი მსუბუქი ტყვიით. აქ კი ყველანაირი ზედმეტი შრომის გარეშე პირდაპირ ამოვიღეთ ყუთიდან და მშვენიერი სანადირო იარაღია ახლო მანძილისთვის.

კარგი სიჩქარეები გავიგეთ, დაგვრჩა გასაგები რამდენ გასროლას გვაძლევს პისტოლეტი ერთ დატენვაზე, აქ იგულისხმება სრულყოფილი გასროლები, ანუ მაქსიმალურად ერთგვაროვანი, სანამ რედუქტორი მუშაობს, როგორც კი წნევა იმდენად დაეცემა რომ რედუქტორი აღარ მუშაობს როგორც წესი იწყება ხოლმე სიჩქარეების ვარდნა და ეს უკვე აღარ ნიშნავს ერთგვაროვან გასროლებს, ანუ ამ ადგილზე უნდა გავჩერდეთ და ვთქვათ რომ იარაღმა სრულყოფილი გასროლები მხოლოდ ამ ადგილამდე შესძლო.

ავიღე მსუბუქი ტყვიები, დავტენე პისტოლეტი 250 ბარზე და დავიწყე სროლა, შედეგები მივიღე შემდეგი:
1) 224
2) 219
3) 221
4) 222
5) 222
6) 223
7) 219
8) 219
9) 223
10) 222
11) 221
12) 219
13) 220
14) 220
15) 223
16) 223
17) 222
18) 220
19) 222
20) 223
21) 220
22) 218

რედუქტორის მუშაობის შემდეგ სიჩქარე ეცემა და ეცემა

23) 216
24) 212
25) 210
26) 201

ასე რომ ვიღებთ რეალურ სრულყოფილ 21-22 გასროლას, არანაირი 40 და 60 გასროლა არ გვაქვს როგორც მწარმოებელი წერდა. ეს შეუძლებელიც იყო, ფიზიკა ფიზიკაა და ამ პლანეტაზე გარანტირებულად მუშაობს :-), სხვა 60-65 კუბიანი იარაღებიც სწორედ 20-24 გასროლას იძლევიან ასე რომ რაიმე სასწაულის მოლოდინი არასწორი იქნებოდა თან ნუ დაგავიწყდებათ 40 გასროლას როგორც წესი იძლევა 180-200 კუბიანი თოფები ხოლო 60 გასროლისთვის უკვე 230-280 კუბია საჭირო, ასე რომ სასწაულები არ ხდებაო. მოკლედ ამ შემთხვევაში, ან შეეშალათ ჩინელებს რაღაც, ან პატარაზე ზედმეტად დაგვაიმედეს smile.gif

მგონი დროა გადავიდეთ 25 მეტრიან სროლაზე და ვნახოთ რა შედეგებს ვიღებთ.. რატომ 25 მეტრი და არა 50 ან რაიმე სხვა ციფრი? იმიტომ რომ ჩამოყალიბებული მსოფლიო სტანდარტია, ზ.დ.პ იარაღები და PCP პისტოლეტები მოწმდება 25 მეტრის დისტანციაზე, ხოლო სხვა მანძილები უკვე თქვენთვისაა დატოვებული, მოკლედ ლულის და სუსტი ენერგეტიკის გამო ძნელია შეაჯიბრო ამ კლასის იარაღები ძლიერ და გრძელ ლულიან თოფებს, პისტოლეტები ყოველთვის წაგებულ პოზიციაში იქნებიან. ასე რომ 25 მეტრი და მორჩა განხილვა.



სამიზნე დაყენებულია, პოზიცია გამზადებულია და ვიყენებ 4-16 ჯერადობის ოპტიკას. შედეგები კი გამოვიდა აი ასეთი:



სანამ გავზომავ ჯგუფებს მინდა დავძინო რომ მე შეცდომა დავუშვი, თოფი ახალი დატენილი იყო წინა ტესტების შემდეგ (გასროლების რაოდენობა), როგორც ცნობილია როდესაც რედუქტორიანი თოფი დაიცალა და რედუქტორის სამუშაო წნევაზე დაბლაა ჩამოსული ხელახლა დატენვის შემდეგ პირველი გასროლა ყოველთვის ხარვეზიანია, რადგან რედუქტორი დატენვისას არ მუშაობს სამუშაო გარემოში, კერძოდ თოფიდან სროლისას რედუქტორი მკვეთრად მოძრაობს და ეს არის მისი სამუშაო ციკლი, ხოლო რეზერვუარის დატენვისას წნევა რეზერვუარში ნელ-ნელა იზრდება, შედეგად პირველ ჯერზე რედუქტორი არასტანდარტულ რეჟიმში იკეტება რის გამო განსხვავებული წნევა მიიღება ხოლმე. ამიტომაც პირველ გასროლას ფუჭს აკეთებენ ხოლმე და თუ საჭიროა იმ 1 გასროლისთვის საჭირო ჰაერს ხელახლა ამატებენ ხოლმე თოფს.



სამწუხაროდ მთელი დღე გადაღებებისა და ტესტირების შედეგად დაღლილი ვიყავი, უკვე საღამოც იყო და სიჩქარეში ზემოთ აღწერილი ფაქტი გამომრჩა, ამიტომაც, ახლად დატენილი თოფიდან გასროლისას პირველი ტყვია ჯგუფიდან საკმაოდ შორს წავიდა, მაგრამ ხელახლა გამართვის და სროლის დრო აღარ მრჩებოდა ამიტომაც დავტოვე ყველაფერი ისე როგორც იყო.


მიუხედავად აღწერილი სიტუაციისა პისტოლეტმა ყველაზე ცუდ შემთხვევაში ანუ გაქცეული ტყვიანად მომცა 22,85 მილიმეტრი ჯგუფი და ეს მივიღე ყუთიდან ამოღებული პისტოლეტიდან, ყველანაირი ტუნინგის გარეშე, როგორც ვთქვი პირველი ტყვია გამექცა, მაგრამ დანარჩენი 4 ტყვია პრაქტიკულად ერთმანეთს ჩაეხუტნენ.



მოდი სამართლიანობის გულისთვის გავზომოთ ასევე ეს 4 ტყვია და რა ჯგუფს მივიღებთ როგორც ხედავთ ამ შემთხვევაში გვაქვს 14,9 მილიმეტრი ჯგუფი, პრაქტიკულად 15 მილიმეტრი.



რა შეიძლება ითქვას შედეგებზე - ჩემი შეცდომის გათვალისწინებიანად თოფი იძლევა გადასარევ შედეგს, ანუ 23 მილიმეტრს ასეთ შედეგს ზოგი თოფი ვერ იძლევა ყუთიდან ამოღებისას, თუ ჩემს შეცდომას გამოვაკლებთ ხომ საერთოდ შთამბეჭდავი ჯგუფი მივიღე. 15 მილიმეტრი ზოგიერთი საკმაოდ ცნობილი ბრენდებისთვისაც კი სანატრელია smile.gif

ნამდვილად არ მოველოდი ამ პატარა აგრეგატისგან ასეთ შედეგებს.



შეფასება

საერთო ჯამში რა შემიძლია ვთქვა ამ იარაღზე... ძლიან კომპაქტური და მსუბუქი იარაღია, ჩემის აზრით გადის Survival კლასში, ანუ ჩააგდე ზურგჩანთაში და გაიჭერი ტყე ღრეში, თუ კონსერვის ქილებზე და გირჩებზე არ დახარჯავ სროლების რაოდენობას 22 გასროლა საკმარისია შედეგიანი ნადირობისთვის. ხოლო თუ რაიმე დატენვის შესაძლებლობა თან გექნება...

იარაღს იყენებ როგორც პისტოლეტის რეჟიმში ასევე გახსნილი კონდახის შემთხვევაში მინი თოფის ვარიანტად. ერთადერთი საფიქრალი იქნება ოპტიმალური ოპტიკის შერჩევა, რომ არც ძალიან დიდი და არც ძალიან პატარა იყოს. ასევე მაქსიმუმ შეიძლება დამატებითი მოდერატორის მორგება, დანარჩენის მხრივ ყუთიდანვე მზად გაქვთ გინდ გასართობი გინდ სანადირო იარაღი.

თუ შემეკითხებით გირჩევდით თუ არა ამ იარაღს... გიპასუხებთ რომ სტატიის მომზადების მომენტში იარაღის ფასი 589 ლარი იმდენად მომხიბლავია რომ თუ თქვენი საქმიანობა საჭიროებს ამ ფორმ ფაქტორის იარაღს, მაშინ ნამდვილად გირჩევდით მის შეძენას, ამ ფასის რაიონში ვერაფერ მიახლოებულს პისტოლეტებში ვერ ნახავთ, ლამის BB პისტოლეტები ღირს უკვე ამდენი, აქ კი... აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ ყველანაირი გადაკეთება და კონსტრუირება საჭირო აღარაა და გამოირიცხა.

დღეს ამით ვამთავრებთ მიმოხილვას და იმედია მალე კიდევ 2 საინტერესო მიმოხილვას შემოგთავაზებთ, მანამდე კი შეგიძლიათ ამავე იარაღის https://youtu.be/OSyn36w4Kds და შემატყობინოთ რამდენად მისაღებია ასეთი ფორმატი, რა ხარვეზები დაინახეთ ან რა ინფორმაციას ისურვებდით რომ მიგეღოთ დამატებით. ვიდეო მიმოხილვების მომზადება ჩვენი ფორუმისთვის პირველი შემთხვევაა ჯერ გამოცდილება არ გვაქვს დიდი, ნელ-ნელა დავხვეწავთ და თუ მისაღები ფორმატი აღმოჩნდება შემდეგშიც გავაგრძელებთ ამ ახალ ტრადიციას

პოსტის ავტორი: pilotina Dec 2 2020, 06:04 PM

ვააა, ჯაჯა ისევ დაგვიბრუნდა თავისი საფირმო მიმოხილვებით, good.gif
ძალიან კარგია, ეს ერთი და სხვა მრავალი...

პოსტის ავტორი: koba1973 Dec 3 2020, 06:15 AM

კარგი მიმოხილვაა!

პოსტის ავტორი: ბაიკერი Dec 5 2020, 08:40 AM

ძაან მაგარი მიმოხილვაა! არხიც დავასაბსქრაიბე smile.gif

პოსტის ავტორი: NRG Dec 7 2020, 10:05 AM

14 ჯოული, 22 გასროლა ძაან კაი ფიშტოა სიზუსტეც მაგარია მოვიხიბლე ამ მოდელით არტემისი პლანეტას იპყრობს მგონი ფასიც კარგია ხარისხიც მოდელებიც ბევრია
მომეწონა პოსტი ჯაჯ ველოდები ახლებსაც

პოსტის ავტორი: nihontoman Dec 8 2020, 10:15 PM

საღოლ, კაია!

მე მაგალიტად ჩემი პ700-იც ძალიან მომწონს. რომ დაფიქრდე რითი შეიძლება მისი გაუმჯობესება, რაღაც მასეთამდე მიდიხარ! საკმაოდ წარმატებული მოდელი მგონი იქნება, ოღონდ ვეჭვობ, კოლიმატორი იქნება მაგისათვის საუკეთესო ვარიანტი

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 9 2020, 05:17 PM

ნუ წესით პისტოლეტია და ახლა 500 და მეტი მანძილი მაგას არ მოეთხოვება. ასე რომ 20-25 ან ჰა-ჰა 30 მეტრისთვის კაი კოლიმატორიც მშვენიერი გამოსავალია

პოსტის ავტორი: mamukaaa Dec 16 2020, 07:35 PM

ნამდვილად კარგი იარაღია.ცოტა ძვირი გამოდის.
650 ლარი იარაღი
370 ლარი ნასოსი
150*200 ლარი ოპტიმა
კი ავიდა 1020 ლარამდე.
ცოტაც დაამატე და თოფს იყიდი.
ერთი ეგაა რო პატარაა და კომფაქტურია სატარებლად კაია.

პოსტის ავტორი: feeder Dec 19 2020, 11:04 PM

მაგარი რეპორტია, ბრავო!!!


პოსტის ავტორი: feeder Dec 19 2020, 11:26 PM

ჯაჯა ამის მოდერზე რას ფიქრობ? გამოვა კომპაქტური და ეფექტური?

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 20 2020, 05:46 PM

გაკეთებული მაქვს 25-იან მილზე 2 კაცისთვის.. ნუ რავი კი ამცირებს ხმას თან საკმაოდ, მარა აი რომ ვთქვა და სუპერ ეფექტურიაო არა.. პატარა მოცულობაა 25-იანი მილი, თან სტანდარტული 20სმ სიგრძე არ უხდება, ამიტომაც, გინდა არ გინდა პატარას აკეთებ... ჯამში სიჩუმისთვის ჯობია კლასიკური 30-იანი მილი და 20სმ სიგრძეში

პოსტის ავტორი: S.T.A.L.K.E.R Dec 20 2020, 06:28 PM

მშვენიერი ბიუჯეტური იარაღია PCP ვისაც უნდა დასაწყისისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: vatato Dec 23 2020, 06:28 PM

მადლობა ასეთი კარგი მიმოხილვისთვის. მე თვითონ ვარ ამ პისტოლეტის მფლობელი და ძალიან მომწონს. ერთადდერთი რაც გავაკეთე ეს იყო კონდახზე ფიქსატორებისთვის დამატებით ჭრილების დამატება. დაყენებული მაქვს კონუსპროს ოპტიკა (4x32). 25 მეტრზე ჯერ არ მქონია საშუალება რომ გამომეცადა, მაგრამ 10 და 15 მეტრზე არის ძალიან ზუსტი.

პოსტის ავტორი: predator___1 Jan 4 2021, 08:14 PM

მადლობა საინტერესო და ამომწურავი ინფორმაციისთვის. აქვე ვიკითხავ ეს თოფი რომ ღორს ვესროლო 1 მეტრის დისტანციიდან თავში ეყოფა ძალა მოსაკლავად?

პოსტის ავტორი: pilotina Jan 4 2021, 10:00 PM

predator___1

ციტატა(bauweri @ 4th January 2021 - 09:14 PM) *
აქვე ვიკითხავ ეს თოფი რომ ღორს ვესროლო 1 მეტრის დისტანციიდან თავში ეყოფა ძალა მოსაკლავად?


ნუთუ ასეთი მიმოხილვის მერე მხოლოდ ეს კითხვა გაგიჩნდა ?

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 6 2021, 03:28 PM

predator___1

ციტატა(bauweri @ 4th January 2021 - 09:14 PM) *
აქვე ვიკითხავ ეს თოფი რომ ღორს ვესროლო 1 მეტრის დისტანციიდან თავში ეყოფა ძალა მოსაკლავად?

ნუ სახელი კი გაქვს არჩეული ხიშნიკის, მარა მეორე კითხვას აქეთ დაგისვავ, და ვაბშე ღორს ან რაიმე ცხოველს რატომ უნდა ესროლო? მარტო მაგით განისაზღვრება ამ თოფის დანიშნულება? სხვა შემთხვევაში გამოუდეგარი ნივთია? ყველანაირი უკანა აზრების გარეშე მართლა რატომ უნდა შეფასდეს ამა თუ იმ ცხოველის დაზიანებით იარაღის რაიმე შესაძლებლობა?

მგონი შენ GAMO-ს სარეკლამო ვიდეო ნახე ბურვაკს რომ აგდებენ და დაიჯერე რომ 4.5 კალიბრით ღორის დაგდება შეგიძლია?

ასეა თუ ისეა რატომ მაინცა და მაინც პნევმატურით, აი ვერ ვხვდები მოტივაციას საერთოდ რატომ გაჩნდა ეს კითხვა შენს შემთხვევაში? თუ მაინცა და მაინც ღორის იარაღით მოპოვება გინდა ცეცხლსასროლი გლუვი არ გაქვს ახლომახლო?

მოკლედ გასართობი თოფია და არა სარეწაო იარაღი, მითუმეტეს წვრილ ფეხა თუ მსხვილფეხა საქონელზე სამუშაო

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services